მოლაპარაკება უკრაინა-რუსეთს შორის - 3 საათზე მეტია მხარეები სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში, ერთ მაგიდასთან არიან შეკრებილები და პოზიციებს განიხილავენ. თავდაპირველად დაიწყო დელეგაციების ხელმძღვანელების დავით არახამიასა და ვლადიმერ მედინსკის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც დიალოგი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი ამბობს, რომ უკრაინამ პირობა დადო იმ დამნაშავეების მიმართ უმკაცრესი ზომების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებიც რუს სამხედროებს აწამებდნენ.
"უკრაინულ მხარესთან გრძელდება კონსულტაციები. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე საათში მხარეები განცხადებებს გააკეთებენ. უკრაინა დაგვპირდა, რომ მიიღებს უმკაცრეს ზომებს იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც აწამებდნენ რუს სამხედროებს. რუსეთის ფედერაციამ გააპროტესტა რუსი სამხედროების ბულინგი. ეს პროტესტი უკრაინულმა მხარემ მიიღო," - განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ.
დელეგაციების შემადგენლობა არ შეცვლილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობს რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩიც. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა.