25 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
სამხედრო ნეიტრალიტეტი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ - მოლაპარაკების შემდეგ რუსეთმა სამხედრო აქტივობები უნდა შეამციროს

უკრაინული მშვიდობის კონტურები თურქეთში უკვე გამოიკვეთა. რუსულმა ტანკებმა სამხედრო მოქმედებების 34-ე დღეს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების დატოვება დაიწყეს და ბელარუსის მიმართულებით გაემგზავრნენ. დელეგაციების წარმომადგენლებს სამშვიდობო მაგიდა ხელცარიელებს არ დაუტოვებიათ, თუმცა ხელი ჯერ არცერთ დოკუმენტზე არ მოუწერიათ. დოლმაბაჰჩეს ისტორიული სასახლის ეზოში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეხვედრის დეტალებზე პირველმა ინფორმაცია მედიას დავით არახამიამ მიაწოდა.

უკრაინული დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის  საბოლოდ თქვას უარი NATO-ს წევრობაზე, თუკი სანაცვლოდ მიღებენ ალიანსის მეხუთე მუხლის ტოლფას მექანიზმს. უსაფრთხოების გარანტორ სახელმწიფოებად კიევმა გაეროს უშიშროების წევრი და არაწევრი ქვეყნები დაასახელა. მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარის ინიციატივა იყო, რომ ცალკე პუნქტად განხილულიყო ყირიმისა და დონბასის სტატუსი 15 წლიან პერსპექტივაში. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უკრაინელები ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის თემად განიხილავენ.

გზავნილებს რუსული დელეგაციის წევრები მალე ანკარადან მოსკოვში პუტინს ჩაუტანენ, თუმცა იქამდე ღიად განაცხადეს, რომ არ ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში და რომ უცვლელია კრემლის მოთხოვნა უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. მოსკოვმა კიევს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაც შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. უკრაინელებმა სწორედ მოლაპარაკებებიდან გამოსული რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან შეიტყვეს, რომ რუსული არმიის ნაწილი მათ ტერიტორიებს დატოვებდა.

უცვლელი პირობებით შეცვლილ ლოკაციაზე შეხვედრა დილიდან დაიწყო, დაპირისპირებული მხარეების შეხვედრის ადგილად ამჯერად სტამბოლი შეირჩა, სადაც უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იყო მიღებული. სანამ დახურულ კარს მიღმა დასხდებოდნენ, დელეგაციის წევრებს შუამავალი ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა.

მოლაპარაკებები თურქეთშიც სწორედ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რეჯეფ აიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. სტამბოლამდე იყო 5 უშედეგო შეხვედრა. ისტორიული მოლაპარაკებები კი, თურქეთის ისტორიულ სასახლეში დილიდან დაიწყო და 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სამშვიდობო მაგიდა ხვალ ისევ შეკრებს მხარეებს, ორ კვირაში კი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც, სავარაუდოდ, უკვე სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს.

დღის ამბები