27 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს სოლიდური თანხა დავით კეზერაშვილმა თავდაცვის უწყებას უნდა დაუბრუნოს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლომ მისი ყოფილი უწყების სასარგებლოდ 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ჯერ კიდევ გასულ წელს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ კი თავდაცვის სამინისტრომ ყოფილი მინისტრისგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. დაცვის მხარე საქმეს კვლავ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, თუმცა დღევანდელი ვერდიქტით კეზერაშვილს ოფშორულ ზონებში გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება მოუწევს.

საქმის სამართლებრივი დეტალები ნაკლებად საინტერესოა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისთვის, რომლებიც ყურადღებას უფრო პოლიტიკურ მოტივებზე ამახვილებენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის წარმოება ოპოზიციისთვის, მმართველი პარტიის მხრიდან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს ატარებს.

ოპონენტებისგან განსხვავებით, საქმის პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვები არ აქვთ მმართველი პარტიის წევრებს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ბიუჯეტის ფლანგვის რეალურ ფაქტებს. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ დავით კეზერაშვილის ბრალეულობა სხვა საქმეებშიც გამოიკვეთოს.

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეზე პირველი გამამტყუნებელი განაჩენია. სწორედ ამ განაჩენის საფუძველზე მიმართა თავდაცვის უწყებამ საქალაქო სასამართლოს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.

დღის ამბები