27 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
"მოლაპარაკებებიდან წამოსული დადებითი სიგნალები ვერ ფარავს რუსული ჭურვების აფეთქების ხმას" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"მოლაპარაკებებიდან წამოსული დადებითი სიგნალები ვერ ფარავს რუსული ჭურვების აფეთქების ხმას" - თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა, გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვაში გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მხოლოდ მოლაპარაკების კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ომის დასრულებამდე, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე არც იფიქროს.

"თქვენ ნახეთ, როგორ გადაწყვიტა რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებზე იერიშების შემცირება. ასევე, გადაწყვიტეს, ჩერნიგოვში ნაკლებმა სამხედრო ავიაციამ იფრინოს და ნაკლებად იმოძრაოს ტანკებმა. უკრაინის დაცვა ჩვენი მთავარი ამოცანაა. მოლაპარაკებების პროცესის ფუნდამენტი ზუსტად ეს არის. მტერი ამ დრომდე ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენი ქალაქების დაბომბვა ისევ გრძელდება. მარიუპოლი ამ დრომდე ალყაშია. შეგვიძლია, მოლაპარაკებების მაგიდიდან წამოსულ სიგნალებს პოზიტიური ვუწოდოთ, მაგრამ ეს სიგნალები ჭურვის აფეთქების ხმას ვერ ფარავენ. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საფუძველს, ნდობა გამოვუცხადოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს გასანადგურებლად ბრძოლას განაგრძობს. უკრაინელები მიამიტები არ არიან და შემოჭრიდან 34 დღის განმავლობაში ეს მათ კარგად აჩვენეს. ბოლო 8-წლიანი ომიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მხოლოდ კონკრეტულ შედეგებსა და ფაქტებს.

უკრაინა კონცენტრირებულია მოლაპარაკებებზე და ჩვენ ვაპირებთ, პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. გათვლა გვაქვს კონკრეტულ შედეგებზე. უნდა მივიღოთ რეალური გარანტიები ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასევე, ჩვენი ხალხისთვის. მტერმა ორი ოკუპირებული რეგიონი უნდა დატოვოს. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული უნდა იყოს. შეუძლებელია, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისი განვიხილოთ. ეს მოლაპარაკებების შედეგის მკაფიო სიგნალი და ხედვაა.

მოვუწოდებ ნებისმიერ ქვეყანას, არც კი წამოჭრას საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე. ეს საკითხი არც კი განიხილება სანამ ეს ომი არ დასრულდება, ვიდრე არ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სამართლიანობას არ აღვადგენთ. მანამდე კი სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და არამხოლოდ იმისთვის, რომ სანქცია სანქციისთვის იყოს. შეზღუდვები მშვიდობის დამყარების მიზნით უნდა დაწესდეს. უკრაინის აღმშენებლობის პროგრამის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები საუკეთესო კომპანიებითა და სპეციალისტებით დახმარებას გვთავაზობენ. ეს სწრაფი აღმშენებლობის გარანტი იქნება. როგორც შემატყობინეს, დანიაში ამ პოზიციას პოზიტიურად გამოეხმაურნენ,"-განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები