ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადებები გაკეთდა პარლამენტშიც. დეპუტატები მცოცავ ოკუპაციასა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ.
"რუსეთი, როგორც ჩანს, მაინც ღიზიანდება და მაინც იტაცებს ადამიანებს და აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას. ჩემი აზრით, ამას სჭირდება მთელი პრობლემის გააზრება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება, ეს ორ წუთში წუთში საპასუხო საკითხი არ არის. ამას სჭირდება ბევრი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და შემდეგ გადაწყვეტა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ადამიანის გამოსახსნელად, რუსი სამხედროების მოსყიდვაც რომ გახდეს საჭირო, ამის ჩათვლით,"-აცხადებს "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მსგავსი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან დათმობის პოლიტიკის შედეგია. "დათმობის პოლიტიკამ, როცა ხელისუფლება, ოღონდ სკამი შეინარჩუნოს, თმობს ყველაფერს, წაახალისა და შექმნა საფრთხეები მომავალში, იმის რომ ბევრი ადამიანი გაიტაცონ, მოახდინონ უკანონო ბორდერიზაცია და ის ქმედებები, რაც ხდება საქართველოს ძირძველ კუთხეში,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დაკავებულის გასათავისუფლებლად. "უნდა იყოს სრული რეაგირება, მაქსიმალური ინტენსივობით მუშაობა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან. ერთი, რომ დაგმობას საჭიროებს ასეთი ქმედებები, არალეგიტიმური ინსტრუმენტებით ადამიანების დატყვევება და მეორეს მხრივ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღიკვეთოს ასეთი ქმედებები, უნდა მიენიჭოს ამ პიროვნებას თავისუფლება და მოხდეს პრევენცია,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.