06 მაისი 2024,   04:27
ვრცლად
სამხედრო დახმარებაზე უკრაინის თხოვნას დასავლეთი საქმითაც პასუხობს - აშშ-ის 800 მილიონი დოლარის შეიარაღება უკრაინაში სრულად აპრილის შუა რიცხვებში ჩავა

სამხედრო დახმარებაზე უკრაინის თხოვნას, დასავლეთი უკვე არა სიტყვით, არამედ საქმითაც პასუხობს. როგორც პენტაგონში აცხადებენ, შეერთებული შტატების 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება, უკრაინაში სრულად აპრილის შუა რიცხვებში ჩავა. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვის სიტყვებს არ ენდობა და უკრაინის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

შეერთებული შტატების მსგავსად, უკრაინას იარაღს მიაწვდიან ავსტრალია და დიდი ბრიტანეთიც. უკრაინა ავსტრალიისგან ბუშმასტერის ჯავშანტექნიკას მიიღებს, დიდი ბრიტანეთის ლეტალური დახმარება კი, კიევისთვის შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებს, საბრძოლო მასალას და საზენიტო იარაღს მოიცავს.

უკრაინა რომ ახლა არა მარტო საკუთარი სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის იბრძვის, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ტალინში შეკრებილმა საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. 4 ქვეყნის პირველი დიმპლომატები თანხმდებიან, რომ უკრაინის გადარჩენისთვის მთავარია დასავლეთმა მეტი ეკონომიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყონ.

დღეს კიევში უკრაინელების მხარდასაჭერად ჩავიდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომელმაც შეხვედრა უკრაინის პრემიერთან გამართა. დენის შმიგალმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების პაკეტის შემუშავება სთხოვა.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. დღესვე, ევროპულმა გაერთიანებამ დაგმო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კრემლმა საპასუხო ზომების სახით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა "შავ სიაში" შეიყვანა და რუსეთში მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესა. სანქცირებულთა სიაში ევროკომისრები და სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებიც მოხვდნენ.

დღის ამბები