06 მაისი 2024,   03:51
ვრცლად
რა მიმართვა ჩაწერა ოკუპანტების მიერ გატაცებულმა ლევან მაჩაბელმა უკანონო დაკავებამდე და როგორია ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 

ლევან მაჩაბელი სახლიდან 26 მარტს დილით გავიდა და ამ დღიდან ოჯახმა მისი კვალი დაკარგა, ის სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხებია. 2 დღეში მის მეუღლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს რომ, 32 წლის მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მაჩაბელი ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. როგორ აღმოჩნდა მამაკაცი თბილისიდან საოკუპაციო საზღვართან, ოჯახმა არ იცის. "კურიერთან" საუბრისას მეუღლემ მხოლოდ ის თქვა, რომ ლევან მაჩაბლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს ინფორმაცია ვერიკო ხარაბაძეს ოფიციალურმა უწყებებმა მიაწოდეს.

ახალგაზრდა მამაკაცმა უკანონო დაკავებამდე ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ის ჩანაწერში ამბობდა, რომ უკრაინაში წასვლა და მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა სურდა.

ლევან მაჩაბლის გასათავისუფლებლად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ 32 წლის მამაკაცის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ საერთაშორისო პარტნიორებს, ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

ლევან მაჩაბლის დაკავების შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო მთავრობას ჯერ არ გაუვრცელებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საოკუპაციო რეჟიმის ძალებმა წინასწარი გამოძიება მის მიმართ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო დაიწყო.

დღის ამბები