06 მაისი 2024,   09:30
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა - რა ახალი რეალობა დადგა დაჩქარებული წესის მოთხოვნის შემდეგ

ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებიდან თითქმის 1 თვე გავიდა. საქართველო, რომლის მთავარი გზავნილი ევროპული საბჭოდან ევროკომისიას მალევე გადაეგზავნა, ახლა ამ სტრუქტურისგან სპეციალურ კითხვარს ელოდება. როგორ უპასუხებს საქართველო ევროპის მითითებებს, ეს სამთავრობო კომისიის დღევანდელი სხდომის მთავარი საკითხი იყო.

კომისიის 61-ე სხდომა სამთავრობო გუნდის პირველი შეკრება იყო ევროკავშირში საქართველოს განაცხადის გაგზავნის შემდეგ. სხდომაზე გადაწყდა, შეიქმნას მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ევროკავშირისგან მიღებული კითხვარების აღსრულების მიმართულებით თემატურად იმუშავებენ. ითქვა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა და ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მეთაურობს, დღეს კონკრეტული დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა.

ახალ პერსპექტივებთან ერთად რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც პარტნიორებთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეს სხდომაზე განხილულ მნიშვნელოვან თემებს შორის ერთ-ერთი იყო. ისაუბრეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური დიალოგის რეჟიმზე, რომელზეც ითქვა, რომ უკვე დაწყებულია და მეტად უნდა გააქტიურდეს. კომისიამ დღესვე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და მოისმინა გასული წლის გეგმის შესრულების ანგარიში. ამ საკითხებზე მთავარი მომხსენებელი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

სამინისტროებმა პრემიერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს იმისთვის, რომ აუცილებელი ღონისძიებები მოკლე ვადებში და ეფექტურად შესრულდეს. ამ დროისთვის ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია. უწყებებში დღეს განმარტეს, ვის რა როლი აქვს ამ მიმართულებით.

გასულ წელს მიღწეულ პროგრესზე საუბრობენ სხვა სამინისტროებშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ცვლილებებით არსებული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს მეტად დაუახლოვდა.

ევროინტეგრაციის პროცესში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული საკანონმდებლო ორგანოც. პოლიტიკური ძალები ევროპულ პერსპექტივას კონკრეტული რეფორმების ჭრილში ხედავენ.

ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ევროინტეგრაციის პროცესზე ზედამხედველობა სამთავრობო ჯგუფის მთავარი ფუნქციაა. კომისიის წევრები მორიგ შეხვედრებზეც აქტიურად იმსჯელებენ ევროკომისიის კითხვარის შესრულებაზე. სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული, როგორ რეკომენდაციებს მოამზადებს ევროსტრუქტურა, რაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას განსაზღვრავს.

დღის ამბები