20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ენერგო ულტიმატუმი - რამდენ ხანს შეძლებს ენერგომატარებლებით მოსკოვი დასავლეთის შანტაჟს

დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის მთავარი იარაღი მისი ენერგომატარებლებია - ვლადიმერ პუტინს სპეცოპერაცია უკრაინაში, შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სპეცოპერაციად შეუტრიალდეს.

ათწლეულების განმავლობაში რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებული ევროპა ალტერნატიულ წყაროებს აქტიურად ეძებს. ამას დრო სჭირდება, მაგრამ რუსეთის ჩახსნა უკვე გადაწყვეტილია.

ფედერაციის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორს 2021 წელს რუსულ ენერგიაში 108 მილიარდი დოლარი აქვს გადახდილი.

ეკონომიკურ ფრონტზე ბუნებრივი აირის ომი სულ უფრო მეტად მწვავდება. ევროპისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ვლადიმერ პუტინმა მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და "გაზპრომს" დაავალა, რომ ანგარიშსწორება 31 მარტიდან მხოლოდ რუბლში განხორციელებულიყო.

რუსეთის პრეზიდენტი ისევ იმუქრება, რომ ყველას, ვინც მასთან არ არის, დასჯის. დასჯის დაწესებული სანქციებისთვის და დასავლეთს გაზს გადაუკეტავს ან თუ მიაწვდის, მხოლოდ რუსულ ვალუტაში. იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს კი, ვინც არამეგობრული ქვეყნების სიაში ჩაწერა, ქვეყანაში აღარ შეუშვებს.

რუბლის სიკეთეებზე კრემლიდან სერგეი ლავროვმა დღესაც ისაუბრა და დასავლეთიც გააფრთხილა, რომ რუსულ საგადასახადო სქემას უნდა მოერგოს. უფრო მეტი თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა. პესკოვის განმარტებით, ევროპისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტის საკითხი თვის ბოლოს გადაწყდება.

ევროკავშირი მოსკოვს ეუბნება, რომ მას ენერგორესურსებით შანტაჟი აღარ გამოუვა. დასავლეთმა "გაზპრომის" ალტერნატიული წყაროების მოძიება უკვე დაიწყო.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევროპის სახელმწიფოები ორ წელიწადში შეძლებენ ახალ პირობებს მოერგონ. ევროპას მოუწევს აირის სწრაფი მიმწოდებლის მოძებნა, თუმცა სავარაუდოდ გაცილებით მაღალ ფასად.

"დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა აგრესორ ლიდერს გასულ კვირას მკაფიოდ უთხრეს, რომ ბუნებრივ აირში რუსულ რუბლს არ გადაუხდიდნენ. ამ გადაწყვეტილებას შეუერთდა ევროკავშირიც. ამერიკამ კი ევროპას ალტერნატივად თხევადი გაზის მიწოდების გაზრდა შესთავაზა. ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პუტინს მრჩევლები აღარ ჰყავს.

დასავლეთმა რომ რუსეთისგან სრული ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვოს, ამას დრო სჭირდება. ბრიუსელი გამოფხიზლდა, თუმცა ევროპელი ლიდერები განცხადებებში სიფრთხილეს ჯერ კიდევ იჩენენ, რადგან მძიმე გადაწყვეტილებებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტები მათ მოსახლეობაზეც აისახება.

გერმანიამ, რომელიც რუსულ გაზზე ყველაზე მეტად არის დამოკიდებული, აამოქმედა ადრეული გაფრთხილების რეჟიმი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთიდან გაზის მიწოდება შეწყდება. ქვეყანამ ომის საპასუხოდ გაზსადენის პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გააჩერა. თუკი ეს დასჭირდება, გერმანიას შეუძლია ბუნებრივი აირის იმპორტი ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან, ბრიტანეთიდან და დანიიდან მილსადენების მეშვეობით განახორციელოს. თუმცა, ოსლო ბერლინს ბუნებრივ აირს მაქსიმალური სიმძლავრით უკვე აწვდის, შესაბამისად რუსული რესურსების ჩანაცვლება გაუჭირდებათ.

რუსულ გაზზე უარს ვერ იტყვის თურქეთი - ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ოფიციალური ანკარა არგუმენტად რუსეთთან ერთად წამოწყებულ ენერგეტიკულ პროექტებსა და ინდუსტრიალურ გამოწვევებს ასახელებს. ქვეყანა, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შუამავალი ქვეყანაა, არც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდება.

ევროპაში გატანილი რუსული გაზის მოცულობა ამ დროისთვის 47%-ს შეადგენს. რუსეთი ირანთან და ამერიკასთან ერთად გაზის მწარმოებელი ქვეყნების ათეულშია. ახალი რუსული საგადასახადო პირობების დაწესების შემდეგ რა გამოსავალს მოძებნის ევროპის კავშირი, ეს ამ დროისთვის რთული სათქმელია. ევროპაში არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელიც მზად არის თხევადი გაზის მისაღებად და კონტინენტზე გასანაწილებლად.

დღის ამბები