08 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
მოსკოვს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება სურდა, თუმცა უარი მიიღო - ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის ინიციატივას, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ხმის უფლება შეუჩერდეს

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთზე ზეწოლა იზრდება - გაეროში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იმდენად იყო აღელვებული, რომ შესაბამისი სიტყვების მოძებნა უჭირდა. ვასილი ნებენზიამ დღის მეორე ნახევარში პრესკონფერენცია მოიწვია, რათა გაეკრიტიკებინა ბრიტანეთის ელჩი ბარბარა ვუდუარდი, რომელმაც რუს დიპლომატს უშიშროების საბჭოს სხდომის ორშაბათს ჩატარებაზე უარი უთხრა.

რუსები უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ჩქარობდნენ. ვასილი ნებენზიას სურდა წარმოედგინა მოსკოვის პროპაგანდისტული მტკიცება, თითქოს ქალაქ ბუჩაში მომხდარი მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობები დადგმულია. ის დღევანდელ ბრიფინგზეც ირწმუნებოდა, რომ რუსი სამხედროები სისასტიკეს არასოდეს მიმართავენ და მშვიდობიან მოსახლეობას არ კლავენ. ბრიტანეთმა, რომელიც უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა, სხდომა სამშაბათისთვის გადაიტანა. ნებენზიამ ბრიტანეთის ქმედებას შეურაცხმყოფელი და კოლონიალისტური უწოდა.

"განსაზღვრულია, რომ პრეზიდენტმა შეხვედრა უშიშროების საბჭოს ნებისმიერი წევრის მოთხოვნით უნდა მოიწვიოს. რასაც ვხედავთ, პრეზიდენტის პრეროგატივის სამარცხვინო და უპრეცენდენტოდ ბოროტად გამოყენებაა. ეს ასევე არის დასავლური დელეგაციების მანევრი რუსეთის ხმის ჩასახშობად. ბრიტანეთის პრეზიდენტობის შეურაცხმყოფელი, უპირატესობის მაჩვენებელი და კოლონიალისტური ქცევა გაეროს პრინციპებს ძირს უთხრის," - განაცხადა გაეროში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა  ვასილი ნებენზიამ.

ბრიტანელ დიპლომატს არ უარყვია, რომ რუსულ დეზინფორმაციასთან დასაპირისპირებლად, უშიშროების საბჭოს სამშაბათამდე კიდევ მეტი ინფორმაცია უნდა მიეღო. საქმე ის არის, რომ დღეს უშიშროების საბჭოზე ბუჩასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლას პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს. გარდა ამისა, მომხსენებლებად გაეროს გენერალური მდივანი და ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი მარტინ გრიფითსი იქნებიან. ბრიტანეთის ელჩის თქმით, ერთ თემაზე 2 შეხვედრის ჩატარების მიზეზი არ არსებობდა.

"ჩვენ დავაკმაყოფილეთ რუსეთის მოთხოვნა შეხვედრის გამართვაზე. ის სამშაბათს დილის 10:00 საათზე გაიმართება. ხალხი გვთხოვს შეხვედრის გამართვას და მას ვგეგმავთ. პრეზიდენტის რანგში ამას ვაკეთებთ. მართალია, ის რუსეთის მოთხოვნის შესაბამისად არ ჩავნიშნეთ, რადგან გენერალურ მდივნის დასწრებას ველოდებით. ასევე გვყავს უფროსი მომხსენებელი მარტინ გრიფიტი, რომელიც კიევისკენ მიემგზავრება. ვფიქრობ, უფრო მეტი ინფორმაციის შემცველი შეხვედრა ჩატარდება, რაც რუსულ დეზინფორმაციასთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება იქნება," - აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა გაეროში ბარბარა ვუდუარდმა.

ბრიტანეთმა, რომლის პრეზიდენტობა აპრილის ბოლომდე გრძელდება, დღეს მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების ინიციატივას, შეუჩერდეს რუსეთს ხმის უფლება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ანალიტიკოსმა, უსაფრთხოების საკითხებში, რიჩარდ უეითზმა თქვა, რომ ამ ინიციატივის დაყენება საჭირო იყო.

"ქვეყანა რომელიც ასე იქცევა, ჩადის სისასტიკეს და აგრესიულ ომს აწარმოებს, ადამიანის უფლებათა საბჭოში არ უნდა იყოს. რუსეთის გარიცხვას ან ხმის უფლების შეჩერებას აზრი ნამდვილად აქვს," - განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა  რიჩარდ უეითზიმ.

ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოში რუსეთის იზოლირება გაგრძელდება. მისი თქმით იქნება მუდმივი ზეწოლა, რათა ისინი უკრაინიდან გავიდნენ.
 
 

დღის ამბები