06 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
ე.წ რეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე - როგორია ოფიციალური თბილისის პოზიცია

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. პარლამენტში ფიქრობენ, რომ ეს ინიციატივა შესაძლოა ბიბილოვის წინასაარჩევნო განცხადება იყოს.

"შესაძლოა, ეს არის ბიბილოვის წინასაარჩევნო კამპანიის ხრიკი, შესაძლოა, ეს არის გაცილებით რთული პრობლემა და პირიქით, მას დავალებული აქვს ამ თემებზე დღეს საუბარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის და პანიკის გარეშე დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები. გავითვალისწინოთ, რომ ამ ტერიტორიას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და იქ ხვალ ზეიმი ექნებათ, გლოვა, რეფერენდუმი თუ ტაშ-ფანდური, ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. მაგრამ არის სხვა საერთაშორისო ბერკეტები," - განაცხადა "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა.

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არ უნდა იქნას დაშვებული რაიმე სახით ბიბილოვის ოფიციალურ პირად მოხსენიება და მისი თქმით, მსგავს განცხადებებს არანაირი სამართლებრივი ფასი არ აქვს:

"ბიბილოვის, როგორც ოფიციალური პირის აღიარება, არასდროს არ დაუშვათ და არ თქვათ, რომ ამას აქვს რაიმე დე იურე სამართლებრივი შედეგი. ასეთი ტიპის განცხადებები საქართველოსთვის არის სრული ნული. ეს არის რა თქმა უნდა გაგრძელება ლოგიკური იმ უკანონობისა, რაც დამყარდა მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები