06 მაისი 2024,   10:23
ვრცლად
შეძლებს თუ არა ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად შეიქმნა რუსული აგრესიის შეჩერებას - ზელენსკი გაეროდან რუსეთის გარიცხვას კატეგორიულად ითხოვს

უკვე სამი საათია გაეროში უშიშროების საბჭო სხდომა მიმდინარეობს, რომელიც მთლიანად უკრაინის თემასა და რუსული ჯარის მიერ ბუჩაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ეხება. სხდომაზე სიტყვით უკვე გამოვიდა ვოლოდიმირ ზელენსკი.

"მსოფლიოს არ სურდა ენახა საქართველოს, ყირიმის და მოლდოვის ოკუპაცია, არც იმის, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი კონფლიქტისთვის," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას, კატეგორიულად ითხოვს.

ამის გარდა ზელენსკიმ კიევში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაც მოითხოვა და განაცხადა, რომ გაერომ ვერ შეძლო მისი მთავრი ფუნქციის შესრულება და მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

"არსებობს სატელიტური სურათები. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ სრული და დამოუკიდებელი გამოძიება, სადაც ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს წვდომა ექნებათ, იქნება საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა. ვფიქრობ, რომ გაეროს ყველა წარმომადგენელი ამით უნდა დაინტერესდეს. იმისათვის. რომ დაისაჯოს ყველა. ვინც დამანაშავეა. ისინი ვინც თავს პრივილეგირებულებად მიიჩნევენ და ჰგონიათ სასჯელს ხელიდან დაუსხლტებიან. აჩვენეთ ყველა პოტენციურ ომის დამნაშავეს თუ როგორ დაისჯებიან. მსოფლიოს არ სდომებია ენახა ყირიმის ოკუპაცია, ომი საქართველოს წიანააღმდეგ, მოლდოვას ოკუპაცია. თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი სხვა კონფლიქტებისთვის და მის საზღვრებთან ომისთვის. რუსი სამხედროები და ის ადამიანები ვინც ბრძანებას გასცემდნენ უნდა წარსდგნენ ტრიბუნალის წინაშე, ნიურნბერგი​ს მსგავსად. უნდა მოხდეს გაეროს სისტემის შეცვლა. შეგიძლიათ 2 რამ გააკეთოთ. გარიცხოთ რუსეთი, როგორც აგრესორი და ომის წყარო, იმისთვის რომ ვერ შეძლოს დაბლოკვა მის მიერ წარმოებულ ომზე მიღებული გადაწყვეტილების ან გააკეთეთ ყველაფერი მშვიდობისთვის.

სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭო არსებობს, ის იქ არ არის. მაშ, სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს? მინდა შეგახსენოთ გაეროს წესდების 1-ლი მუხლის პირველი თავი. რა არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. ახლა კი გაეროს წესდება ფაქტობრივად დაირღვა. რა აზრი აქვს ყველა სხვა მუხლს?" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სხდომაზე სიტყვით მანამდე გამოვიდა გაეროს გენერალური მდივანიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის შოკირებული ბუჩაში გადაღებული კადრებით და იმ სამხედრო დანაშაულებებით, რომელიც სავარაუდოდ რუსეთმა ჩაიდინა.

"უკრაინაში ომი საერთაშორისო დღის წესრიგისთვის ახლა გლობალური გამოწვევაა. ომის შედეგები მივიდა ადამიანების სიცოცხლის დაკარგვამდე, ურბანული ცენტრების მასობრივ განადგურებამდე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევამდე. ვერასდროს დავივიწყებ დახოცილი ადამიანების იმ შემაძრწუნებულ კადრებს რაც ბუჩადან გავრცელდა. მე მაშინვე მოვუწოდე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებისკენ. ღრმად შოკირებული ვარ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 10 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი ყველაზე დიდი მონაცემია. ომმა გამოწვია გლობალური კრიზისი და ფასების მატება საკვებზე, ენერგო რესურსებსა და სასუქზე. სწორედ ამიტომ სასწრაფოა, რომ გავაჩუმოთ იარაღის ხმა. ომი უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს დაუყონებლივ. უნდა დავამყაროთ მშვიდობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია," - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციაში, როგორც გაეროა, ადამიანის უფლებებზე ისაუბროს:

"ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ვხედავთ, თუ როგორ პატივს სცემს რუსეთი ადამიანის უფლებებს. სწორედ ამიტომ გუშინ განვაცხადე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინასთან და გაეროს სხვა წევრ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად ნახავს რუსეთის გარიცხვას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. არსებული ვითარებიდან რუსეთს არ აქვს უფლება ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციაში ადამიანის უფლებებზე ისაუბროს. რუსეთი თავის ადგილს საბჭოში პროპაგანდისთვის იყენებს. ყოველ ჯერზე როცა რუსეთისგან აქ ვისმენთ ტყუილს, ვრწმუნდებით რომ გაეროში რუსეთის ადგილი არ არის," - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

დღის ამბები