27 ივლისი 2024,   03:30
ვრცლად
"ქართული ოცნება" პროვოკაციებს ელოდება - მმართველი გუნდი დამატებით საფრთხეებზე საუბრობს, რომლის მიზანიც შიდა არეულობების მოწყობაა

"ქართული ოცნება" პროვოკაციებს ელოდება - მმართველი გუნდი დამატებით საფრთხეებზე საუბრობს, რომლის მიზანიც შიდა არეულობების მოწყობაა. "ქართული ოცნება" ბრალდებებს ოპონენტებს უყენებს. ადრესატები დღეს ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

ენმ-ს საორგანიზაციო მდივნის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ვერც ერთი პარტია ჰიბრიდულ ომს ვერ აწარმოებს და აღნიშნული, მმართველი გუნდის ფანტაზიის ნაყოფია.

"უბადრუკი მცდელობაა, რომ შენი სამარცხვინო უმოქმედობა გადააბრალო სხვას, არავითარ ჰიბრიდულ ომს ვერც ერთი პარტია ვერ აწარმოებს, ეს არის ფანტაზიის ნაყოფი ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის. იციან, რომ იქ სადაც საქართველოს ინტერესია, მანდ ყველანი ვდგავართ პარტიულ ინტერესებზე მაღლა," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მუდმივად ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზება მაქსიმუმ ნიშნულზე იყოს, რაც ქვეყნის ფუნდამენტს ანგრევს.

"ქართული ოცნება" მუდმივად ცდილობს, რომ ქვეყანაში მაქსიმუმზე ამყოფოს პოლიტიკური პოლარიზება და ეს ანგრევს ამ ქვეყნის ფუნდამენტს.

მეორე და მნიშვნელოვანია, რომ თუ "ქართულ ოცნებას" აქვს რეალური სურვილი, ებრძოლოს ჰიბრიდულ ომს და რუსულ დეზინფორმაციას საქართველოში, მათ ვურჩევდი ჩახედონ კომუნიკაციების კომისიის ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც ოფიციალურმა კონსტიტუციურმა ორგანომ შავით თეთრზე დაწერა ვის მოქმედებებში დაინახა მან ომის პროპაგანდა," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ჰიბრიდული ომის მსტოვრად ჩამოყალიბდა, ვისაც მიზანში ჰყავს ამოყვანილი საქართველო. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ისინი ებრძვიან არა "ქართულ ოცნებას", არამედ საქართველოს.

"რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა როგორც ჰიბრიდული ომის მსტოვრები, ვისაც მიზანში ჰყავთ ამოღებული ჩვენი ქვეყანა - საქართველო. ისინი ებრძვიან არა "ქართულ ოცნებას", არამედ საქართველოს და ეს ბრძოლა განსაკუთრებით ისტერიული გახდა მათი მხრიდან მას შემდეგ, რაც უკვე რეალურად გამოიკვეთა კონტურები, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ვინაიდან დღეს აქტიურად განიხილება ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება, როგორც ჩანს ეს დამატებითი მოტივი აღმოჩნდა მათთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ გადადგან ქმედითი ნაბიჯები," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მისამართით უკვე უკრაინიდან პირდაპირ არის გახსნილი მეორე ჰიბრიდული ომი, რომლის უკანაც "ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლები დგანან.

"ვფიქრობთ, ეს პირდაპირ არის მეორე ჰიბრიდული ომი, გახსნილი საქართველოს მისამართით, საქართველოს ხელისუფლების მისამართით უკვე უკრაინიდან, რომლის უკანაც ამოფარებული არიან სამწუხაროდ "ნაციონალური მოძრაობის" ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს მოკალათებულები არიან უკრაინის ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს ბრალდებულები არიან საქართველოს პროკურატურის მიერ," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები