19 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორგითში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ძლიერი წვიმის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორგითში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ დააზიანა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა, მუნიციპალიტეტის ცენტრს სრულად მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი.

საჭიროა მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასის წმენდა, დროებითი გზის მოწყობა და შემდგომ ნაპირსამაგრი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხმორი-ღუნდის დამაკავშირებელი ალტერნატიული შემოვლითი საფეხმავლო გზის აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია სპეცტექნიკა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან სოფლის მოსახლეობასთან.

დაზიანებულ გზის მონაკვეთთან დაკავშირებით საჭიროა გეოლოგიური კვლევა, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩატარდება. მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

დღის ამბები