05 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა ბუჩადან წამოღებული ნადავლი რუსეთში გაგზავნეს - უკრაინელების ნივთები ონლაინმაღაზიებში იყიდება

რუსულმა საფოსტო მიმწოდებლებმა, უკრაინის სიახლოვეს, ვიდეოკონტროლი გათიშეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გადაწყვეტილება დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან უკვე გასაჯაროვდა სკანდალური კადრები, სადაც ჩანს, რომ ირპენიდან და ბუჩადან გამოსული 56-ე პოლკის წევრები ნაქურდალ ნივთებს ოჯახში აგზავნიან. 3-საათიანი ვიდეორგოლი იმ დღესაა გადაღებული, როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები ცხედრებს ბუჩაში ეძებდნენ. კადრებში ჩანს ფოსტის ოფისში მყოფი ოკუპანტები, რომლებსაც მოპარული ნივთები შენობაში შეაქვთ, ფუთავენ, გასაგზავნ დოკუმენტაციას აფორმებენ და ტვირთს რუსეთში აგზავნიან.

კადრები გადაღებულია ბელარუსის ქალაქ მოზირში, რომელიც უკრაინიდან, დაახლოებით, 60 კილომეტრში მდებარეობს. ამ ქალაქიდან რუსეთში, 3 საათის განმავლობაში, 2 ტონა ნაძარცვი ტვირთი გაიგზავნა. მედიაში გამოქვეყნდა 16 ადამიანის სახელი გვარი და პირადი ინფორმაცია, რომლებმაც ბელარუსიის საფოსტო ოფისიდან 50-დან 450 კილოგრამამდე ამანათი გააგზავნეს. ბელარუსის გავლით უკრაინიდან რუსეთში გაგზავნილ ამანათებს შორის არის ტექნიკა, მანქანის ნაწილები და სხვა ძვირადღირებული ნივთები. გეოლოკაციით, საკუთარ ტექნიკას მფლობელებმა მარტივად მიაკვლიეს, ნაწილი ბელარუსშია, ნაწილი კი უკვე რუსეთში. უკრაინაში მოპარული ნივთების უმრავლესობა უკვე ატვირთულია ონლაინმაღაზიების ვებ-საიტებზეც. გამოცემა "მედუზა" წერს, რომ ქალაქ მოზირიდან ამანათები გაიგზავნა რუსეთის ქალაქ რუბცოვსკშიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს აუდიოჩანაწერებს, სადაც მოროდიორობის ფაქტებზეა საუბარი.

უკრაინული მედიის ცნობით, მოპარული ნივთები აღმოუჩინეს დაღუპულ რუს სამხედროებსაც. ასე იყო რუსი ლეიტენანტის შემთხვევაშიც, რომელსაც თან ჰქონდა სამკაულები, ფული, მობილური ტელეფონები და სხვა ნივთები. ოკუპანტები, ჯერ კლავენ ადამიანებს, შემდეგ კი მათ სახლებს ძარცვავენ. ასე იყო ბუჩაშიბორდიანკასა და ირპენშიც, სადაც ბინებიდან ხალიჩებიც კი გაიტანეს. გაქურდეს მაღაზიები და შემდეგ გაანადგურეს. გაძარცვეს ავტომობილები და ადგილზე დატოვეს რუსული სიმბოლოები.

"რუსთავი 2- ის" არქივში ინახება რუსული ჯარის დანაშაული აგვისტოს ომის დროსაც. მაშინაც ოკუპანტები კლავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ძარცვავდნენ საცხოვრებელ სახლებს და იპარავდნენ ყველაფერს, მათ შორის, ოქროს ჩანგლებსა და უნიტაზებს.

დღის ამბები