05 მაისი 2024,   03:37
ვრცლად
დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები და ყოველდღიურად აღმოჩენილი ახალი საერთო საფლავები - ომის 43-ე დღე უკრაინაში

ომის 43-ე დღე უკრაინაში - რუსეთის ჯარმა მთლიანად დატოვა კიევის და ჩერნიგოვის ოლქები. აშშ-ს დაზვერვის ცნობით, უკრაინის ჩრდილო აღმოსავლეთიდან გაყვანილია ტაქტიკური ჯგუფების 40 ბატალიონი, რაც დაახლოებით 40 ათასი სამხედროა. ამჟამად, ისინი შევსებას იღებენ და ახალ ამოცანებზე მუშაობენ ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიებზე, ახალი ამოცანა კი დონბასია. უკრაინის ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მაცხოვრებლებს დაუყოვნებლივ დატოვონ სახლები.

გასული ღამის განმავლობაში, მოვლენათა ეპიცენტრი ლუგანსკის ოლქი იყო. ოკუპანტებმა სევეროდონეცკში საავადმყოფო და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მტრის 9 შეტევა მოიგერიეს; განადგურებულია 6 ტანკი, 5 ბრონირებული ავტომობილი და 4 საარტილერიო სისტემა. მძიმე ვითარებაა მარიუპოლში. რუსეთის მიერ აფეთქებული შენობების ნანგრევებში ათეულობით ადამიანი რჩება. მათი გადარჩენა ქალაქში მიმდინარე ინტენსიური შეტაკებების გამო ვერ ხერხდება. "აზოვის" ბატალიონის მეთაურის მოადგილე უკრაინულ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქალაქს უტევს ავიაცია, საზღვაო და სახმელეთო არტილერია, ოკუპანტები იყენებენ ფოსფორის ბომბებს. მარიუპოლში არსებული მძიმე ვითარება გახდა "წითელი ჯვრის" მიერ სამაშველო ოპერაციის შეჩერების მიზეზი. დაღუპულთა რიცხვი იზრდება ბუჩაში. ქალაქის მერიის ინფორმაციით, აღმოაჩინეს კიდევ სამი საერთო საფლავი და ათეულობით ცხედარი. მიმდინარეობს ექსპერტიზა და იდენტიფიცირება. სპეციალისტების განცხადებით, ცხედრების 90%-ს აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობები.

თითქმის ანალოგიური სურათია გოსტომელში. აქ ერთ-ერთ ფარეხში 11 სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს. ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, მათ სნაიპერული შაშხანით ესროლეს. დღეს ქალაქში ერთ კვირიანი კომენდანტის საათი ამოქმედდება. მიზანი ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიის გაწმენდაა.

გერმანულმა გამოცემა "შპიგელმა" რუსი სამხედროების რადიო შეტყობინებები მოიპოვა, რომლებიც, სავარაუდოდ, აღიარებდნენ, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს. ერთ-ერთ ფაილში ჯარისკაცი ველოსიპედისტის დახვრეტაზე საუბრობს.

მარიუპოლში კი მოსახლეობა ძალით შეკრიბეს ერთადერთი ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობის მიზნით. ამ შემთხვევაშიც, იძულებითი დერეფანი რუსეთის მიმართულებით გაიხსნა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს, კადრებს კი პროპაგანდისტული რუსული არხი "რაშა თუდეი".

დღის ამბები