20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
კრამატორსკში საევაკუაციო მატარებლის მოლოდინში მყოფი ადამიანების სხეულის ნაწილებს აგროვებენ - რაკეტამ წარწერით "за детей" 5 ბავშვი შეიწირა

კრამატორსკის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება - 50 გარდაცვლილიდან 5 ბავშვია. 98 ადამიანი კი, სხვადასხვა სახის მძიმე ჭრილობებით ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.

რუსეთმა, რომელიც 44 დღის განმავლობაში ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწია, განაახლა ომი ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ. რუსულმა არმიამ საბჭოთა ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "точка у-თი" იერიში რკინიგზის სადგურზე მიიტანა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციას ცდილობდნენ.

კრამატორსკის საავადმყოფოები ვერ უმკლავდებიან დაჭრილთა რაოდენობას, რომლებიც სადგურიდან მიიყვანეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

კრამატორსკში სადგურის მიმართულებით ოკუპანტებმა 2 რაკეტა გაისროლეს. ერთ-ერთს წარწერა "за детей" ჰქონდა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინისთვის დაეკისრებინათ. სწორედ ამ შინაარსის ინფორმაცია გაავრცელეს აფეთქებიდან რამდენიმე წუთში რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სარაკეტო იერიშთან კავშირს უარყოფს.

დაბომბვის დროს სადგურზე დაახლოებით 4 000 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ევაკუაციას ელოდნენ.

მომხდარზე უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ომის წესების დარღვევის მუხლით. აფეთქება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმა ომის დანაშაულად შეაფასეს. დენის შმიგალი და დმიტრო კულება ამბობენ, რომ რუსულ არმიას ჰქონდა ინფორმაცია სადგურზე არსებული ხალხმრავლობის შესახებ და სარაკეტო იერიში მიზანმიმართულად განხორციელდა. განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც.

მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ხარკოვი. ისროლეს 48 საარტილერიო ჭურვი. დაიჭრა 15 ადამიანი, დაიღუპა ერთი. ცნობებს ავრცელებს ქვეყნის პროკურატურა - საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ქალაქ გუსაროვკაში ოკუპანტებმა სამი ადგილობრივი მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია.

დღის ამბები