04 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
საქართველო ღიად უჭერს მხარს უკრაინას, საერთაშორისო სანქციებსაც შეუერთდა, რუსეთიდან საფრთხის მიუხედავად - იანუშ ბუგაისკი

"ჯეიმსთაუნის ფონდის" უფროსი მკვლევარის, იანუშ ბუგაისკის განცხადებით, საქართველო ღიად უჭერს მხარს უკრაინას, საერთაშორისო სანქციების რეჟიმს შეუერთდა მაშინაც კი, როდესაც მას რუსეთის არმიისგან განახლებული საფრთხე ემუქრება, რომელიც უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ს და ტანკები ჰყავს განთავსებული საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში. ამის შესახებ ბუგაისკიმ ამერიკულ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, სადაც სტატია დაწერა სათაურით – "რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას იმპერატივად ხდის".

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო სანქციები რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარ ზიანს აყენებს, კრემლი შესაძლოა სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილი გახდეს მის საზღვრებთან დასავლეთის ეკონომიკური ინტერესების მიმართ. ერთ-ერთი მთავარი მოწყვლადი სფერო ენერგეტიკული არტერიები და სატრანსპორტო მარშრუტებია, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით კასპიის აუზს ევროპასთან აკავშირებს.

"ნავთობისა და გაზის ძირითადი მილსადენები საქართველოს უმეტეს ნაწილზე გადის. საქართველო აშშ-ის სანდო მოკავშირე, ნატოს პარტნიორი და ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანაა, რომლის ტერიტორია უკვე ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ და რომელსაც დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი დაცვა უნდა მიეცეს. საქართველო ევროპის ქვეყნებში არარუსული ნავთობისა და გაზის ძირითადი სატრანზიტო ქვეყანაა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენები და სამხრეთ გაზის დერეფანი. ეს მნიშვნელოვანი მილსადენები საფრთხის ქვეშაა, რადგან რუსეთის ძალები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ახდენენ, სწრაფად შეძლებენ მათ ხელში ჩაგდებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალის გაწყვეტასა და საქართველოს ფაქტობრივად დაყოფას.დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ნავთობსა და გაზზე ყოვლისმომცველი ემბარგოსკენ მიდიან, რათა მოსკოვს ჩამოართვან შემოსავლები, რომელიც ხელს უწყობს მის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

საქართველო ღიად უჭერს მხარს უკრაინას, საერთაშორისო სანქციების რეჟიმს შეუერთდა მაშინაც კი, როდესაც მას რუსეთის არმიისგან განახლებული საფრთხე ემუქრება, რომელიც უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ს და ტანკები ჰყავს განთავსებული საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში," – წერს სტატიის ავტორი.

დღის ამბები