21 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
"დავინახე, სადაც იყო ის ადგილი და სადაც მარხავდნენო..." - იაგო ნებიერიძე 18 წლის წინ გარდაცვლილი ბავშვის მკვლელობას არ აღიარებს

გორში, კომბინატის ტერიტორიაზე მდინარის პირას 18 წლის წინ მოკლული მოზარდის ცხედარი იპოვეს. საუბარია 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე. ოჯახი მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვის ცხედარს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეძებდა.

ირკვევა, რომ 18 წლის წინ გაუჩინარებული და მოკლული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ამ საქმის ფიგურანტმა თავად გაამხილა. იაგო ნებიერიძემ, რომელიც, ამ ეტაპზე, მძიმე დანაშაულის გამო სასჯელს იხდის, ბავშვის მშობლებს თავად უთხრა, რომ მათი შვილის ცხედარი ე.წ. კომბინატის დასახლებაშია დამარხული. "კურიერი" ესაუბრა იაგო ნებიერიძის დედასაც, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი მკვლელობის ნაწილში დანაშაულს არ აღიარებს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ იაგო ნებიერიძე მხოლოდ დამარხვის პროცესის თვითმხილველი იყო.

"ოჯახის და ჩვენი თანხმობით, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს ცხედარი გვეპოვა, სხვა მეტი არაფერი არ ვიცი. თვითონ პატიმრის მოთხოვნა იყო. დაუნახია და მე მაშინ მოვტყუვდი, რომ არავის შევატყობინეო, რადგან ერთხელ დავმალეო და აღარ ვთქვიო, არ ვთქვიო და ახლა ჩემი კეთილი ნებით და ჩემი სურვილით მინდა, რომ იმ ბავშვის ცხედარი იპოვონ და თავისი საფლავი ჰქონდესო და არ იყოს იქ, სადაც არისო. მე რატომ უნდა მიმეწერა ეგ საქმეო და ავდექი და ტყუილი იმიტომ ვთქვიო. ახლა კი არაფერს არ ვიტყუები, ჩემი ნებით განვაცხადე, არაფერი კავშირში არ ვარ მე იმ საქმესთან, დავინახე, სადაც იყო ის ადგილი და სადაც მარხავდნენო. არ დაუსახელებია ვინც მარხავდა, გავიდა 18 წელი და არც ასახელებს და არც დაასახელებს, ჩვენი და პატიმრის ერთადერთი მიზანი იყო, ის ადგილი გვეპოვა და ბავშვს საფლავი ჰქონოდა,"- აცხადებს იაგო ნებიერიძის დედა ნუნუ ნებიერიძე.

18 წლის წინ მოკლული 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარი, ამ წუთებში, გადასვენებულია თბილისის პროზექტურაში ექსპერტიზაზე. ე.წ. კომბინატის დასახლებაში კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კატეგორიულ უარს აცხადებენ რაიმე ფორმით განცხადების გაკეთებაზე. თანასოფლელები კი ამბობენ, რომ ოჯახის წევრებმა უკვე ამოიცნეს ბავშვის ცხედარი.

"რომ გავიგე ეს ამბავი, ვეღარ მოვითმინე და ძლივს ჩამოვედი. ჩამოვედი და ვნახე, ჩემი მეზობლის ბაღში თხრიან. ლიახვის პირას ჰყოლია, მანდ ჯებირებია და ჯებირების ქვეშ ყოფილა დამარხული. პაპამ თუ ბებიამ ამოიცნო ბავშვიო, დილის 6 საათიდან დაუწყიათ ძებნა,"-აცხადებს ერთ-ერთი თანასოფლელი.

38 წლის იაგო ნებიერიძე არაერთი მძიმე დანაშაულისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევი. მათ შორის, მსჯავრდადებულია 2018 წელს 9 წლის გოგონას წამებისა და მკვლელობის გამო. მას თავისუფლების უვადო აღკვეთა აქვს მისჯილი.

 
დღის ამბები