20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
დღეიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ჯენერიკული დასახელებით მოხდება - რეცეპტის გამოწერის შემდეგ ფარმაცევტი ვალდებულია, მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს

დღეიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ჯენერიკული დასახელებით მოხდება. ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ ჯენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებულია მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს.

ამის შემდეგ მედიკამენტის საჭიროების მქონე პირი თავად გადაწყვეტს, თუ რომელი წამალი შეიძინოს. დღევანდელი მონაცემებით კი 200-მდე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი სამკურნალო პრეპარატი 60-70%-ით დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი.

მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერისა და გამოცემის წესს ეხება. ასეთი ტიპის წამლის მსურველი საჭირო სამკურნალო საშუალებას დღეიდან მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით შეძლებს. ახალი ცვლილება ფსიქოტროპული წამლების უკანონო ბრუნვის კონტროლთანაა დაკავშირებული.

ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ რეფორმის მთავარი უპირატესობაა ის, რომ მოქალაქეებს მაღალი ხარისხის და სანდო მედიკამენტის არჩევის საშუალება ექნებათ. მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ რა მედიკამენტი გამოწერა ექიმმა და რა წამალი გასცა ფარმაცევტმა მკაცრად გაკონტროლდება.​

სააფთიაქო ქსელების, ექიმებისა და მომხმარებლებისთვის რომ გადაწყვეტილება დროულია საუბრობენ ფარმაცევტულ კომპანიებში. ამბობენ, რომ ცვლილებისთვის ტექნიკურად მზად არიან და რეცეპტის გამოწერა ელექტრონული სისტემით პროცესს კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის.

დროულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ წამლის ინსპექტირების სამმართველოშიც. აცხადებენ, რომ აქამდე ფსიქოტროპული ნივთიერებების და მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების რეცეპტის გამოწერის პროცესი გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ახალი რეფორმა ამას გამორიცხავს.

მთავრობაში დარწმუნებული არიან, რომ რეცეპტის გამოწერის ახალი წესის შედეგად წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა დაზღვეული იქნება.

დღის ამბები