03 მაისი 2024,   08:30
ვრცლად
"არა ომს" მსოფლიოს სპორტული საზოგადოების მთავარ სლოგანად მას შემდეგ იქცა, რაც მოსკოვმა უკრაინაში სამხედრო აგრესია განახორციელა

"არა ომს" - მსოფლიოს სპორტული საზოგადოების მთავარ სლოგანად მას შემდეგ იქცა, რაც მოსკოვმა უკრაინაში სამხედრო აგრესია განახორციელა. საოკუპაციო ძალების სისასტიკეს აპროტესტებენ ყველა საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებზე.

გულშემატკივრების გარდა რუსული აგრესიის შესაჩერებლად გაერთიანდნენ NBA-ს ვარსკვლავებიც, მათმა ნაწილმა ამერიკის პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს დაეხმაროს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

მაშინ, როდესაც მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ, ცნობილი უკრაინელი სპორტსმენები ომში იბრძვიან, მათ შორისაა 61 წლის ოქროს ბურთის მფლობელი უკრაინელი ფეხბურთელი იგორ ბელანოვი, რომელმაც ასაკის მიუხედავად სახლში დარჩენაზე უარი თქვა და უკრაინული არმიის რიგებში ჩაეწერა.

პოზნანში სტადიონზე შეკრებილი 40 ათასი პოლონელი გულშემატკივარი საინტერესო პერფორმანსის მომსწრე გახდა. საფეხბურთო კლუბ "ლეგიას" ფანებმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია გამოსახული.​

კაუნაისის ჟალგირისისა და სერბეთის ცრვენა ზვეზდას საკალათბურთო მატჩის დაწყებამდე მასპინძელთა კალათბურთელებმა უკრაინის დროშის ფერებში გაწყობილი ბანერი გაშალეს წარწერით: "არა ომს!" პროტესტს სერბი კალათბურთელები არ შეუერთდნენ.

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცების ტურნირზე უკრაინა არაერთი ძლიერი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ოლექსეი ნოვიკოვმა და პავლო კორდიაკამ ომის დაწყებისთანავე ყველაფერი მიატოვეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.

უკრაინული ფეხბურთი რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ გაჩერებულია. თებერვლის შემდეგ არ უთამაშია დონეცკის "შახტარს". კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "შახტარმა" "მშვიდობის ტურნე" დაიწყო მსოფლიოს მასშტაბით.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები