18 მაისი 2024,   14:07
ვრცლად
შსს-მ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

"კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული თ. ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დააკავეს. პოლიციამ, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 2 მჭიდი. 

ამავე დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1962 წელს დაბადებული დ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს "ნაგანის" ტიპის 2 პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული რ.ბ დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს." - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები