სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ნათია სონღულაშვილი შეხვედრის მონაწილეებს სამსახურის სტრუქტურაზე, ძირითად ფუნქციებზე, მიმდინარე აქტუალურ თემებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ სტუდენტებთან დეტალურად მიმოიხილა სამსახურის ქვემდებარე ახალი დანაშაულები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის ფუნქციები და დატვირთვა რადიკალურად იზრდება, სამსახურის მიზნების ეფექტურად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანური რესურსების დამატება და მათი განვითარება.
ნათია სონღულაშვილმა სტუდენტებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე კონკურსისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე დასაქმების პროცედურები გააცნო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ ხეთაგური, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.