19 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს კიევში პატივი მიაგეს - მათი სამშობლოში გადმოსვენების პროცესი დაწყებულია

უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივი კიევში მიაგეს. ზაზა ბიწაძე, ალექსანდრე ცაავა და არკადი კასრაძე ვოლოდიმირის ეკლესიაში დაასვენეს.

ისინი საბრძოლო მოქმედებებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ემსხვერპლნენ. უკვე დაიწყო სამხედროების სამშობლოში გადმოსვენების პროცესი. 

ვოლოდიმირის ეკლესიაში უკრაინელმა სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც ის ქართველი მებრძოლები ესწრებოდნენ, რომლებიც უკრაინის დასაცავად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძვიან. 

"ბიჭები პოზიციურ ბრძოლაში დაიღუპნენ, შეტაკება იყო კადიროველებთან. იბრძოდნენ თავდადებით და სამწუხაროდ, სამი ქართველი ვაჟკაცი გმირი კიდევ დავკარგეთ,"- აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერი ნადიმ ხმალაძე.

"მე ქართველი მებრძოლის, დავით გურჩიშვილის მეუღლე ვარ. ეს ბიჭები ჩემს ქმართან ერთად 2014 წლიდან იბრძოდნენ. მათი ძალიან მადლიერი ვარ, რომ იცავდნენ უკრაინას და გვერდით ედგნენ ჩემს მეუღლეს. სამწუხაროა, რომ ამიერიდან ვეღარ მეტყვიან, დაიკო, გამარჯობა,"- აცხადებს უკრაინაში მებრძოლი დავით გურჩიშვილის მეუღლე.

ქართველი მებრძოლები რუბეჟნოესთან მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს შეეწირნენ. რუსმა ოკუპანტებმა ისინი ალყაში მოაქციეს, რა დროსაც ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა ერთ-ერთი მათგანი. სწორედ მის გამოსაყვანად შედიოდა ორი ქართველი მებრძოლი, როდესაც მათი მანქანა ნაღმზე აფეთქდა. 

დღის ამბები