07 მაისი 2024,   07:42
ვრცლად
ე.წ "მეორე ფრონტი" უკრაინაში - რა ხდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და როდის ელოდებიან ოკუპანტების ფართომასშტაბიან შტურმს

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ოკუპანტის შეტევა დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება - ლუჰანსკის ოლქში ცეცხლი ნოვოდრუჟესკს გაუხსნეს. ქალაქში განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. დაზიანდა გაზსადენი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს განაგრძოს შეტევითი ოპერაციები. დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დასამყარებლად. თავდაცვის უწყების ცნობით, ამ ზონაში, სამხედროებმა, რუსეთის 10 თავდასხმა მოიგერიეს.

ტერიტორიის დატოვების ეშინია კრამატორსკის მოსახლეობას. რკინიგზის სადგურზე მიტანილი იერიშის შემდეგ ხალხი თავს საკუთარ სახლებს აფარებს. თუმცა, უსაფრთხოდ არც აქ არიან. ავიაიერიშებს ქალაქში ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არიან დაჭრილები.

თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ხარკოვში, სადაც საავიაციო და საარტილერიო ცეცხლი არ წყდება. რუსმა ოკუპანტებმა ცხოველების თავშესაფრის ორი მოხალისე დახვრიტეს. ქალაქის სხვადასხვა უბანში ავიაიერიშს კიდევ ათობით მშვიდობიანი ემსხვერპლა. დანაკარგის მიუხედავად, უკრაინელი ჯარისკაცები კონტრშეტევებზე გადადიან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი.

ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული ჩერნიგოვი. დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დრონით გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. 

რუსი ოკუპანტების აღმოსავლეთში გააქტიურებას და ე.წ "მეორე ფრონტის" გახსნას დღეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი, მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა.

ფართომასშტაბიანი შეტაკებების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, გენშტაბის ინფორმაციით, ის უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. მიზეზი კი, როგორც თავდაცვის უწყებაში ამბობენ, 9 მაისისთვის კრემლის მზადებაა. მოსკოვს საკუთარი მოსახლეობისთვის ე.წ. გამარჯვების დემონსტრირება სურს.

დღის ამბები