06 მაისი 2024,   19:05
ვრცლად
"არტილერიის ბრძოლა" - რა შეიარაღებას მიაწვდის დასავლეთი ომის მე-2 ფაზაში გადასულ უკრაინას და როგორ შეაფასა რუსული აგრესია კიევში ჩასულმა შარლ მიშელმა   

უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე შარლ მიშელი საომარ მდგომაროებაში მყოფ ქვეყანაში ჩასვლისთანავე ალაპარაკდა. მან საკუთარი თვალით იხილა რუსული აგრესიის შედეგი ქალაქ ბოროდიანკაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში დღეს ჩავიდა, ქვეყანაში, რომელიც ომის დასრულებასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასაც ელოდება. შარლ მიშელს ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ადმინისტრაციაში ელოდებოდა. პრეზიდენტების ოფიციალური მისალმების შემდეგ იყო ოფიციალური შეხვედრები, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

კიევში ჩასვლამდე შარლ მიშელი იმ ვიდეოკონფერენციის მონაწილე იყო, რომელიც მსოფლიო ლიდერებმა უკრაინაში დაწყებული ომის მეორე ფაზის გამო გამართეს. ონლაინშეხვედრაზე ორგანიზატორმა, აშშ-ს პრეზიდენტმა, უკრაინის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა. 9 ქვეყნის ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებმა თქვეს, რომ გმობენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. მხარეები შეთანხმდნენ კონსულტაციების გაგრძელებაზე, რათა ადეკვატური პასუხი გასცენ ომის ახალ ეტაპს. ნიუ ჰემფშირში ჩასვლისას ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ის მეტი არტილერიის გაგზავნას გეგმავს.

ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, პენტაგონმაც დაადასტურა. აშშ სამხედრო უწყების ინფორმაციით, უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები და სათადარიგო ნაწილები უკვე მიიღო. პენტაგონის სპიკერის განცხადებით, ამერიკის თავდაცვა უკრაინელების დასახმარებლად ყოველდღიურად მუშაობს. იმავდროულად პენტაგონი არ გამორიცხავს, რუსეთმა იერიში მიიტანოს იმ მარშრუტებზე, რომლებიც იარაღისა და სხვა მარაგების უკრაინაში გადასატანად გამოიყენება.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს ბრიტანეთის და კანადის პრემიერ-მინისტრებმაც. ბორის ჯონსონი უკრაინას მეტი არტილერიით მხარდაჭერას დაჰპირდა - ამის შესახებ მან თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა. უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწვდის კანადაც.

უკრაინა პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავების მიღებას არ ადასტურებს. ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალებში საუბრობენ მხოლოდ სათადარიგო ნაწილებზე.

რა სახის იარაღი სჭირდება ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას? - ამაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის 55-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისივე თქმით, დამპყრობელთა არმიის პრაქტიკულად მთელი საბრძოლო მზადყოფნა ახლა მათ ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.

ვისგანაც ახლა უკრაინა თავს იცავს, პოზიციების დათმობას არ აპირებს. ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მის მიერ წარმოებულ ომს ისევ სპეციალურ ოპერაციას უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარ "არასამთრობოებთან" შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კრემლი იძულებული გახდა მოქმედებები დონბასის მოსახლეობის დასაცავად დაეწყო.

რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო დასავლეთი გაეროს უშიშროების საბჭოშიც გააკრიტიკა. სხდომაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე კიდევ ერთხელ მსჯელობდნენ, სადაც უკრაინის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს მეტი ეფექტურობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები