01 მაისი 2024,   04:04
ვრცლად
ომის 57-ე დღის ქრონიკა - ინტენსიური ცეცხლის მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს

ინტენსიური ცეცხლის მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოკუპანტების მთავარი სამიზნე ახლა რუბეჟნოეს და ნოვოდრუჟესკის მიმართულებებია. ბრძოლა ქუჩებშიც მიმდინარეობს, თუმცა ქალაქის ცენტრამდე მისვლას რუსული არმია ვერ ახერხებს და გზადაგზა სამშვიდობო ობიექტებს ანადგურებს. 

არ წყდება ხარკოვის დაბომბვა. უტევენ როგორც უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს, ისე ოლქის ტერიტორიას. ღამის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიწვა მრავალსართულიანი კორპუსი. მძიმედ დაშავდა 5 ადამიანი. ამ დროისთვის ქალაქში დაახლოებით მილიონი ადამიანი რჩება, რომლებიც ხარკოვის მეტროსადგურების თავშესაფრებში არიან გადანაწილებული.
 
მძიმე ვითარებაა ხერსონში. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ქალაქში ადგილობრივების იძულებითი მობილიზება მიმდინარეობს. მოსახლეობას უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ. პარალელურად ოკუპანტები ემზადებიან ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის, რომლის ჩატარებაც 27 აპრილს იგეგმება. გენშტაბის ინფორმაციით, ყველას, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება ადგილზე ხვრეტენ. 
 
ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაიჭრა მიკოლაევის დაბომბვის შედეგად. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ახლოს მდებარე ავტომობილები. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ქალაქის აღებას ვერ ახერხებენ, რის გამოც მასზე საჰაერო იერიშების მიტანას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ. ოკუპანტები კი მაროდიორობას აგრძელებენ. 
 
კიევის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ორი ოკუპანტი გაანეიტრალეს, რომლებიც მოპარული ავტომობილით, ნაქურდალი ნივთების ტრანსპორტირებას ცდილობდნენ. ტანსაცმლის, ტექნიკის და საიუველირო ნაწარმის გარდა, მოპარულია ველოსიპედის საბურავები, სამზარეულოს ერთჯერადი ხელსახოცები და სპინერი.
 
დღის ამბები