02 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
1 ლიტრი რძე 49 ადამიანზე, 1.5 ლიტრი წყალი 10 ადამიანზე, ერთი პური 40 კაცისთვის - ასე გამოიყურება ოკუპანტის გულმოწყალება მარიუპოლელებისთვის

რუსეთის მცდელობა, მარიუპულის მცველებმა იარაღი დაყარონ, ისევ უშედეგოა - "აზოვსტალზე" თეთრი დროშა არ ფრიალებს.

"სანამ აქ ვართ მარიუპოლი რუსების არ არის" - აცხადებს პოლკი "აზოვი", რომელიც მიწისქვეშა ქალაქშია გამაგრებული. მიწის ზემოთ კი, უკრაინის საპორტო ქალაქს 5-დან 10 ათასამდე რუსი სამხედრო აკონტროლებს. მათი მთავარი საქმიანობა ახლა საფლავების გათხრაა.

მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის კვალის წაშლას რუსები, მარიუპოლიდან 20 კილომეტრში გაკეთებული მასობრივი სამარხებით ცდილობენ. ამას ახალი სატელიტური ფოტოებიც ადასტურებს, სადაც კარგად ჩანს 30 მეტრიანი თხრილები.

ოკუპანტები გადარჩენილებსაც შიმშილით სიკვდილისთვის იმეტებენ. 1 ლიტრი რძე 49 ადამიანზე, მხოლოდ ლიტრა ნახევარი წყალი 10 კაცისთვის და ერთი პური 40 მშიერისთვის - ასეთია ოკუპანტის გულმოწყალება მარიუპოლელებისთვის.

ალყიდან გამოსულები ყვებიან, რომ მათ რუსეთში წასვლასაც აიძულებდნენ. ვინც დამალვა ვერ შეძლო, რუსები სამ კატეგორიად ჰყოფენ: ისინი ან საფილტრაციო ბანაკებში ხვდებიან,
ან რუსების მიერ დახოცილი თანამოქალაქეების საერთო საფლავებში დამარხვა უწევთ, ნაწილს კი იარაღის ხელში აღებას და უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ.

მასობრივ სამარხებში შესაძლოა 9 000-მდე ადამიანი იყოს დამარხული და ეს ადგილი ამდენივე უმძიმეს ისტორიას ინახავდეს. ცხედრებით სავსე თხრილს მარიუპოლის მიმდებარედ სოფელ მანგუშში მიაგნეს, ის 300 მეტრის სიგრძის არის და ბუჩაში აღმოჩენილ საერთო სამარხს 20-ჯერ აღემატება. ოკუპანტების წასვლის შემდეგ ბუჩაში 70 ცხედარს მიაკვლიეს, მარიუპოლში კი ჯერ არავინ იცის, ზუსტად რამდენი მშვიდობიანი ადამიანი მოკლეს და საკუთარი სისასტიკის კვალის დასაფარად საპორტო ქალაქის მიმდებარედ რამდენი დამარხეს.

მოხუცი ცოლ-ქმარი რუსულ ტყვიებს გადაურჩა. მშობლიური ქალაქი მათი სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა და გამოიქცნენ. 61 წლის კაცს ნანახისა და გადატანილის დავიწყება უჭირს.

გზა ნანგრევებად ქცეული მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდე გამოიარა დმიტრი ანტიპენკომაც. ემოციების გარეშე მომხდარს ვერც ის იხსენებს. მეუღლესთან ერთად თითქმის ორი თვე სარდაფში გაატარა, წყლის გარეშე და მცირე საკვებით.

მარიუპოლიდან გამოიქცა ქალიც პატარა შვილთან ერთად.​ ზაპოროჟიემდე მათ გუშინ მიაღწიეს. 90-ის ნაცვლად მარიუპოლი 4 ავტობუსით მხოლოდ 80-მა ადამიანმა დატოვა. სიცოცხლისთვის საშიშ ზონებში, სავარაუდოდ კიდევ 100 000-მდე მოქალაქე რჩება, ნაწილი "აზოვსტალის" ქარხნის ნანგრევებშია. მერი ყვება, რომ ოკუპანეტბმა საევაკუაციო გეგმა მოითხოვეს, მოგვიანებით კი ყველა ადგილი და ყველა ავტობუსი რუსული სამიზნე გახდა.

რუსეთმა "აზოვსტალს" შეფარებულებით ვაჭრობა უკვე დაიწყო. თავდაცვის სამინისტრო მზად არის გამოაცხადოს სიჩუმის საათი, თუკი უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან, ქარხანაზე კი თეთრ დროშებს დაინახავენ.

"აზოვსტალის" მცველებისთვის კი უკანასკნელი ბრძოლაა, დანებებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ქარხნის ტერიტორიასაც მხოლოდ იარაღთან ერთად დატოვებენ.

ვლადიმერ პუტინმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა. ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმორწმუნე რუსეთისგან აღარც ეს ნაბიჯი უკვირს. 

დღის ამბები