02 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
უსიცოცხლო ქალაქები და დასახიჩრებული ადამიანები - 36 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან

მსოფლიოს ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფიდან 36 წელი გავიდა. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია საბჭოთა მოსკოვის მიერ საკუთარი ხალხისა და მთელი მსოფლიოსთვის წლების განმავლობაში დამალული იყო. სიმართლეს ფარდა ცნობილი ბელარუსი მწერლის წიგნმა "ჩერნობილის ლოცვამ" ახადა. მწერალმა თვითმხილველების ინტერვიუებზე დაყრდნობით დაწვრილებით აღწერა, თუ რა მოხდა პატარა უკრაინულ ქალაქში.

უკვე 36 წელია ჩერნობილი და პრიპიატი უსიცოცხლო და უკაცრიელია. აქ მხოლოდ ველური ბუნება ყვავის. მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი დასხივებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას შეუერთდა. გადარჩენილთა შორის არიან "რუსთავის 2"-ის თანამშრომლები, ძმები გელა და დათო ხარატიშვილები, კატასტროფის დროს ორივე ჩერნობილში იყო და ჯარში მსახურობდა.

ოჯახმა საქართველოში სამი დღის განმავლობაში არაფერი იცოდა. გარკვეული დროით არც ჩერნობილში მყოფებმა იცოდნენ, რომ დასხივებას იღებდნენ. ძმები ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ, შემდეგ ისინი კიევის მიმართულებით გაიყვანეს, სადაც კიდევ ერთი წელი იმსახურეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. საშიშროების წინაშე რომ იყვნენ, ამის შესახებ მათ მოგვიანებით გაიგეს, რადგან საფრთხეებზე მაშინ საბჭოთა ხელისუფლება ნაკლებად საუბრობდა.

ანომალიებმა, დაავადებებმა და სიკვდილიანობამ ყველა საიდუმლო ამხილა. მსოფლიომ კი ჩერნობილის ტრაგედია ყველა თავისი ადამიანური სიმძიმით ნობელიანტი სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნიდან ”ჩერნობილის ლოცვა” გაიგო. ბელორუსმა მწერალმა ზეპირი ისტორიების მეთოდით ასობით გადარჩენილის ამბავი ჩაიწერა. მხატვრულ-დოკუმენტურ რომანში ადამიანები ყვებიან როგორ იქცნენ ერთ დღეს ჩერნობილის ადამიანებად, საოცრებად, რაღაც ისეთად, რაც ყველას აინტერესებს და არვინ იცის რა არის.

დღის ამბები