ვაზისუბანში გაჩენილი ხანძრის მიზეზი მკვლელობის დაფარვის მცდელობა აღმოჩნდა - დაკავებულია გარდაცვლილი ცოლ-ქმრის შვილი. გამოძიების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცმა, გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, მოაწყო ყაჩაღობის ინსცენირება და სახლში ხანძარი გააჩინა. მკვლელობის შემდეგ დაკავებულმა პირმა ოჯახიდან გაიტანა ძვირფასეულობა, ოქრო და ფული, შესაძლოა სწორედ ეს გარემოება გამხდარიყო დანაშაულის მოტივი.
მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახიდან კონფლიქტი არასდროს გაუგიათ, მათ არ ჰქონდათ ფინანსური პრობლემები, ოჯახის ყველა წევრი იყო დასაქმებული. მეზობლებისთვის რთულია მკვლელობის შესაძლო მოტივზე საუბარი.
შეგახსენებთ, ხანძარი ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ბინაში 2 გვამი იპოვეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.