22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე საათში დანაშაულის ადგილზე ჭირისუფლის როლში დაბრუნდა - ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისის ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძარი 2 მსხვერპლით,  საბოლოოდ  სასტიკი მკვლელობის დაფარვის მცდელობა აღმოჩნდა. გამოძიების ვერსიით, 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მშობლები ჩაცხრილა. მკვლელობის შემდეგ შვილმა ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. სახლიდან გაიტანა ფული და ძვირფასეულობა, ცეცხლი წაუკიდა ბინას და მშვიდად დატოვა ტერიტორია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში დანაშაულის ადგილზე ჭირისუფლის როლში დაბრუნდა. თითქოსდა ტრაგიკულად დაღუპული მშობლების გამო ის ემოციებსაც გამოხატავდა.

გარდა იმისა, რომ შვილის მიერ მშობლების სავარაუდო მკვლელობის მოტივზე მსჯელობა უჭირთ, მეზობლებს აკვირვებთ მამაკაცის შემდგომი ქცევაც.

"ბიჭი რომ ამოვიდა გაგიჟებული იყო.., ეს რა დაგვემართაო, ამბობდა, ყველაფერი დავკარგეთო. მერე დებმა ჩაიხუტეს, დააწყნარეს. პირველი რეაქცია ისეთი იყო, რომ ძნელი წარმოსადგენია, მაგ ბიჭის გაკეთებული ყოფილიყო. გაოცებული იყო. სასწრაფომ "კაპლი" მისცა. ან არ ვიცი, რა მსახიობი უნდა იყოს," - აცხადებს ადგილობრივი.

სახლი, სადაც 58 წლის ზაზა ბეროზაშვილის და მისი 55 წლის მეუღლის, ლალი თავაძის ცხედრები თავში ცეცხლნასროლი ჭრილობებით იპოვეს, ახლა სრულად დამწვარია. აქ საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და დაილუქა. დალუქვამდე გამოძიებამ შემდეგი სურათი აღწერა. ხანძრის დროს სახლის კარი ჩაკეტილი იყო. კარადებიდან გადმოყრილი იყო ტანსაცმელი და სხვა ნივთები. სახლიდან წაღებულია თანხა ოქრო და ძვირფასეულობა. მიზანი შს სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღობის ინსცენირება იყო.

ოფიციალური ვერსიით უკვე ამოღებულია დანაშაულის იარაღიც და სახლიდან გატანილი ძვირფასეულობაც. "კურიერის" ინფორმაციით ეს ყველაფერი ბეროზაშვილის ავტოფარეხში, კორპუსიდან 300 მეტრში იპოვეს. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ექსპერტების და კინოლოგების ჩართულობით მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ბრალდებულს. ის ოჯახის ორი ან მეტი წევრის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით გასულ ღამეს დააკავეს. მუხლი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები