30 აგვისტო 2026,   12:37
ვრცლად
"საომარი მოქმედებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც განვითარდება" - მიხაილო პოდოლიაკი

კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად "რადიო თავისუფლების" თანამშრომელი დაიღუპა. ვერა გირიჩი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა. ჟურნალისტის ცხედარი დილით ნანგრევებში აღმოაჩინეს. ამ თავდასხმის შემდეგ, დედაქალაქში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

რუსული არმია ინტენსიურად უტევს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს. ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ხარკოვი. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რეგიონი 16-ჯერ დაიბომბა. აქტიური ბრძოლები იზიუმის მიმართულებითაც გრძელდება. ამასთან, გუშინ საღამოს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს კრამატორსკზე. ოფიციალური ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

რუსები აგრძელებენ "აზოვსტალის" ბლოკირებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლის ქარხნიდან ევაკუაცია იგეგმება, თუმცა, ოფიციალურად ეს მხარეებს არ დაუდასტურებიათ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი კიდევ უფრო ნელი ტემპით მიიწევს წინ. 

"ჩვენთვის ფუნდამენტური საკითხად რჩება ჩვენი ხალხის გამოყვანა: არა მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების, არამედ სამხედროების, რომლებიც დღეს უკრაინის უძლეველობის სიმბოლოა. რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს მთლიანად მარიუპოლის განადგურებას. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ უგულებელყოფს ამ ყველაფერს, რადგან ისინი ამჟამად კარგავენ რაც აქვთ. გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკების პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, პირისპირ შეხვედრის მიზეზს ვერ ვხედავ. საომარი მოქმედებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც განვითარდება, კერძოდ, თავად რუსების პროვოკაციების გამო. შესაძლოა, იქ მოაწყონ გარკვეული პროვოკაცია, ააფეთქონ რაიმე,"-აცხადებს პოდოლიაკი.

მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთისგან, შესაძლოა, პოლონეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ელოდოთ.

"მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რადგან დღეს ჩვენ ვართ უზარმაზარი ომის ზღურბლთან. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ პუტინი ოცნებობს უკრაინის მეტი ტერიტორია მიიტაცოს. არავინ იცის, გაჩერდება თუ არა ის ჩვენი ქვეყნის საზღვართან და დაიპყრობს თუ არა პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ასე რომ მსოფლიო უნდა გავერთიანდეთ ამ ომის შესაჩერებლად. დღეს ჩვენს ქვეყანას უნდა მიეცეს შანსი, რომ დავიბრუნოთ მიტაცებული ტერიტორიები - ამისთვის გვჭირდება იარაღი. ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი და მამაცი მოქალაქე, ვისაც შეუძლია და სურს დაიცვას ჩვენი სახელმწიფო. მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა და NATO ერთად ვიბრძოლებთ მტერთან. მე მჯერა, რომ მარიუპოლი იყო და დარჩება უკრაინულ ქალაქად," - აცხადებს მარიუპოლის მერი.

დღის ამბები