03 მაისი 2024,   10:32
ვრცლად
5 რაკეტა კიევზე გუტიერეშის ვიზიტისას - მიზანში ამოღებული თავდაცვის ობიექტის ნაცვლად, ბომბი 25 სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა

5 რაკეტა კიევზე გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტისას - მოსკოვმა მიზანში ისევ ვერ გაარტყა. თავდაცვის ობიექტის ნაცვლად, ბომბი 25 სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რომლის ნანგრევებშიც ადამიანთა ძებნა ამ წუთებშიც გრძელდება.

რუსეთის გენშტაბის მტკიცებით, უკრაინაში მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები იბომბება, თუმცა მსგავსი ინფრასტრუქტურა ამ საცხოვრებელ კვარტალში არ არის. ოკუპირებული ყირიმიდან გაშვებული ორი ფრთოსანი რაკეტა სწორედ მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. დაიღუპა 1 ადამიანი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი - ვერა გირიი, დაშავდა 10.

თითქმის ანალოგიურად აფასებს კიევზე თავდასხმას გაეროს გენერალური მდივანიც. ანტონიო გუტიერეში აფეთქების მომენტში უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდა.

ლოგიკური ახსნა არ აქვს "აზოვსტალის" ქარხანაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დაპირებას მაშინ, როდესაც ტერიტორია განუწყვეტლივ იბომბება. რუსეთის მოთხოვნაა, რომ იქ მყოფმა "აზოვის" ბატალიონის წევრებმა იარაღი დაყარონ, ოფიციალური კიევი კი მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად მათ ევაკუაციას ითხოვს.

მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლის დანარჩენ ტერიტორიაზეც. ქალაქში არ უშვებენ ჰუმანიტარულ ტვირთებს, რომლის შემოტანასაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა გზებით ცდილობს. ქუჩები კი ამ დრომდე სავსეა ცხედრებით, რომელთა დაკრძალვის უფლება ნათესავებს არ აქვთ.

რუსეთმა ღამის განმავლობაში იერიში მიიტანა ხმელნიცკის ოლქზეც. ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში იბომბებოდა.

ოკუპანტის აგრესიის გამო თითქმის ყოველდღე იზრდება მცირეწლოვანთა სიკვდილიანობის სტატისტიკა. რუსული ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური კიევის ინფორმაციით, დაიღუპა 219 ბავშვი. 398-მა არასრულწლოვანმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

დღის ამბები