ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიუღო.
მამაკაცმა ჯერ მძინარე მშობლები ჩაცხრილა და მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.
პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა.
პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკის ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო.
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, შესაბამისად, ისინი პატიმრობას ეთანხმებიან.
გიორგი ბეროზაშვილმა დააკონკრეტა, რომ მას მშობლებთან პირადი უთანხმოება ჰქონდა. საქმეში კი დევს ორი იარაღი. აქედან ერთ-ერთი უკვე გარდაცვლილს ბრალდებულის მამას ეკუთვნოდა.
გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს.
აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.