01 მაისი 2024,   21:48
ვრცლად
უბედური შემთხვევის ინსცენირება და დამიზნებით დახოცილი მძინარე დედ-მამა - რა მოხდა ვაზისუბანში, საბოლოო ექსპერტიზის პასუხი მალე ცნობილი იქნება

ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მამაკაცმა ჯერ მძინარე მშობლები ჩაცხრილა და მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ცეცხლმოკიდებული სახლიდან, ბრალდების ვერსიით, მან, იარაღების გარდა, ფული და ძვირფასეულობაც წაიღო. მტკიცებულებები, მოგვიანებით, პოლიციამ კორპუსთან ახლოს, ავტოფარეხში იპოვა.

ადგილიდან მიმალვის შემდეგ მისამართზე მხოლოდ სამაშველო სამსახურის ზარის შემდეგ დაბრუნდა, საიდანაც შეატყობინეს, რომ სახლი დაიწვა და იყვნენ გარდაცვლილებიც. გიორგი ბეროზაშვილი, მეზობლების ინფორმაციით, ისე იქცეოდა, თითქოს უბედური შემთხვევით შოკირებული იყო.

მომხდარი რომ უბედური შემთხვევა არ ყოფილა, რამდენიმე საათში გაირკვა. მშობლების მკვლელობაში ბრალდებული იმავე ღამეს დააკავეს.

დღეს მისი ადვოკატი პროცესზე არცერთ დასახელებულ გარემოებას არ აპროტესტებდა. მხოლოდ ერთი შესწორება დედის მკვლელობის ეპიზოდში შეიტანა.

პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა.

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, შესაბამისად, ისინი პატიმრობას ეთანხმებიან.

გიორგი ბეროზაშვილმა დააკონკრეტა, რომ მას მშობლებთან პირადი უთანხმოება ჰქონდა. 

გამოძიების დასრულებას მხოლოდ რამდენიმე ექსპერტიზის პასუხი სჭირდება. შემდეგ უკვე ივნისიდან სასამართლო საქმის არსებით განხილვას დაიწყებს. აღიარების მიუხედავად გიორგი ბეროზაშვილს უმკაცრესი სასჯელი, 20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობა ელოდება.

დღის ამბები