ბორჯომში, მეუღლის მიერ ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მამაკაცმა 37 წლის ქალს, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა.
ამ დროისთვის, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ექიმი აცხადებს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა ქალს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
"კივილი გავიგეთ მარტო. ეს გოგო უძვირფასესი ადამიანია. რა მოხდა არ ვიცი. წუთებზე, წამებზე მოასწრეს, რომ არ გარდაიცვალა. 16 ჭრილობა მიუყენებია. ეს ვიცი მარტო, რომ სამსახურში არ უშვებდა, უნდოდა, რომ ცოლი სულ სახლში ყოფილიყო ",- ამბობს ოჯახის მეზობელი.
პოლიციამ ოჯახური ძალადობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე დაჭრა. ნივთმტკიცების სახით უკვე ამოღებულია ცივი იარაღი. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.