06 მაისი 2024,   05:08
ვრცლად
9 მაისს პუტინმა, შესაძლოა, ომი უკრაინაში ოფიციალურად გამოაცხადოს - რა მოჰყვება მის ამ ნაბიჯს

დასავლელი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 9 მაისს, რუსეთისთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელ დღეს, პუტინმა, შესაძლოა, ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინას, რომელიც გზას გაუხსნის რუსეთს საომარი ოპერაციების გასაძლიერებლად და გასაფართოებლად, ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის ლიდერი სიმბოლიზმს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამის დასტურია ისიც, რომ უკრაინაში ის 24 თებერვალს, სამშობლოს დამცველის დღის მომდევნო დღეს დაიწყო, რომელიც, ასევე, აღსანიშნავი მილიტარისტული თარიღია რუსეთში. 

Crisis Group-ის რუსეთის საკითხებში უფროსი ანალიტიკოსის, ოლეგ იგნატოვის თქმით, პუტინს ბევრი შესაძლო სცენარი აქვს, რომელთა შორისაც ომის გამოცხადება ყველაზე მძიმეა. 

პუტინისთვის კიდევ ერთი ვარიანტი რუსეთის სამობილიზაციო კანონის ამოქმედებაა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგადი, ან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის დასაწყებად - "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის ან აგრესიის პირდაპირი საფრთხის, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღების შემთხვევაში."

როგორც CNN წერს, მობილიზაციის გამოცხადება საშუალებას მისცემს მთავრობას, არა მხოლოდ შეკრიბოს ჯარები, არამედ ქვეყნის ეკონომიკა ომის რელსებზე გადაიყვანოს.

მობილიზება შეიძლება ნიშნავდეს შეიარაღებულ ძალებში მყოფი ჯარისკაცების გაწვევის გახანგრძლივებას, რეზერვისტების გამოძახებას, ან საბრძოლო ასაკის კაცების წაყვანას ჯარში, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო მომზადება. თუმცა, ეს პუტინის მთავრობისთვის დიდ რისკს წარმოადგენს, რადგან ამით კრემლის მთავარი ნარატივი შეიცვლება. ეს ნაბიჯი პუტინს აიძულებს აღიაროს, რომ უკრაინაში შეჭრა გეგმის მიხედვით არ განხორციელებულა​. სრულმასშტაბიანი მობილიზაცია, ასევე, დიდი ზიანის მომტანი იქნება რუსული ეკონომიკისთვის.​

გარდა ამისა, ამან შეიძლება შეამციროს პუტინის მხარდაჭერა რუსეთში, რადგან ზოგიერთი რუსი მხარს უჭერს უკრაინაში შეჭრას, ოღონდ პირადად ომში წასვლის და ბრძოლის გარეშე.

პუტინს, ასევე, შეუძლია რუსეთში საომარი მდგომარეობის დაწესება, არჩევნების შეჩერება და ძალაუფლების უფრო დიდი დოზით კონცენტრირება საკუთარ ხელში.

საომარი მდგომარეობის დაწესებას მოჰყვება ისეთი წესები, როგორიცაა შეზღუდვები საბრძოლო ასაკის მამაკაცებისთვის, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას, რაც ასევე შეიძლება არაპოპულარული აღმოჩნდეს.

 ავტორი : დაჩი წურწუმია

დღის ამბები