საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს სასამართლოში ამჯერადაც ბრალდებულის გარეშე გაგრძელდება. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. მათი თქმით, ისინი კიდევ ერთხელ წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
მიხეილ სააკაშვილის პროცესზე არ დასწრების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ყოფილი პრეზიდენტის გარდა უკანონო ქმედებას საქმესთან კავშირში მყოფი კიდევ 4 პირს ედავებიან.
"პროცესი არის ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან საქართველოში დაბრუნებას. გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობები და ამას გავაჟღერებთ პროცესზე. იმედია მოსამართლე ამ შუამდგომლობებს განიხილავს მხოლოდ სამართლის ჭრილიდან და არა პოლიტიკური პერსპექტივიდან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის არ დასწრებია არც წინა რამდენიმე პროცესს და მისი ჯანმრთელობის გაუარესების პირობებში ბუნებრივია მოსალოდნელი არ არის, რომ ის პროცესზე გამოცხადდეს," - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.