06 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები, რომ მარიუპოლი მათ სრულ კონტროლს ექვემდებარება სიმართლეს არ შეესაბამება - კულება

"აზოვსტალის" ქარხანაში რუსების შეჭრას დავით არახამია ადასტურებს. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ქარხნის შტურმი გრძელდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კი უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ ქალაქი მარიუპოლი ახლა რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დმიტრო კულება წერს, რომ "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაზე კონტროლს, რომელიც უკრაინელი მებრძოლების ბოლო სიმაგრეა მარიუპოლში, ისინი კვლავ ინარჩუნებენ.

"უცხოეთიდან იარაღი მოდის, რომელიც საჭიროა დონბასისთვის ბრძოლაში გამარჯვებისთვის. ეს იარაღი კვირების წინ რომ მიგვეღო, ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით და შევძლებდით ტრაგიკული დანაკარგების თავიდან აცილებას. ვგულისხმობ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. დონბასისთვის ბრძოლაში სისხლიანი ჭრილობა მარიუპოლია.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები, რომ მარიუპოლი მათ სრულ კონტროლს ექვემდებარება სიმართლეს არ შეესაბამება. "აზოვსტალი", მარიუპოლში უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო საყრდენი კვლავ დგას. რუსეთი მათ ყოველდღიურად უტევს.

გაეროს ეგიდით მოვახერხეთ "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ეს ადასტურებს, როდესაც რუსეთში არის პოლიტიკური ნება, ამ მექანიზმმა შეიძლება იმუშაოს. მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი ყოყმანობენ ხალხის გაშვებაზე და ყოველი შემდეგი ნაბიჯი მოითხოვს შრომას, დიდ ყურადღებას და დიდ ზეწოლას რუსეთზე. ისინი, ვინც "აზოვსტალში" რჩებიან იტანჯებიან. ისინი ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად განიცდიან დაუსრულებელ თავდასხმებს, საარტილერიო ცეცხლს და საჰაერო დაბომბვას. მათი სიცოცხლე რისკის ქვეშაა," - ამბობს დმიტრო კულება.

დღის ამბები