ომის 70-ე ღამეს განგაშის სიგნალი უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისმოდა. დაიბომბა არაერთი დასახლება. მათ შორის დნიპროს ცენტრი. მთავარი სამიზნე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იყო. დონეცკში რუსული იერიშების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე.
იზიუმთან დაბომბვას უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ მახოვი შეეწირა. რუსებმა იერიში მიიტანეს კრამატორსკზე. ქალაქის მერის ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმები იყო ხარკივზეც, არის მსხვერპლი. ლუჰანსკში დაბომბვების შედეგად 5 ადამიანია დაღუპული.
"მარიუპოლში რუსი ოკუპანტები აძლიერებენ "აზოვსტალის" რაიონში ჩვენი შენაერთების დაბლოკვას და განადგურებას. თვითმფრინავებით, მტერმა განაახლა შეტევა ქარხანაზე კონტროლის დასამყარებლად. უკრაინელი დამცველების წარმატებული მოქმედებების გამო, მტერმა დაკარგა კონტროლი რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე მიკოლაივისა და ხერსონის რეგიონების საზღვარზე.
მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკივის დაბომბვას და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაზვერვას. ქალაქ იზიუმის ჩრდილოეთით გრძელდება საარტილერიო იერიშები. მტრის ქვედანაყოფები ცდილობენ შეტევითი ოპერაციებს ლიმანის, სევეროდონეცკისა და პოპასნიანსკის რაიონებში, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა," - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრ სტუპუნი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი კი ამბობს, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დღის განმავლობაში გაანადგურეს ექვსი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
"სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ საცეცხლე პოზიციებზე დარტყმა განახორციელეს უკრაინის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებზე, აგრეთვე ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 83 უბანზე. რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დღის განმავლობაში გაანადგურეს ექვსი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის საჰაერო ძალების ოპერატიული ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ თავდასხმა განახორციელა ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 77 უბანზე," - ამბობს კონაშენკოვი.