"კურიერი" დღეს ხარკოვის ოლქში იმ ბოლო წერტილთან მივიდა, საიდანაც უკვე რუსეთის საზღვარი იწყება. "რუსთავი 2"-მა სახიფათო გზა სალტოვკიდან გაიარა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის სხვა დასახლებების მსგავსად, მიწასთან არის გასწორებული.
ჩრდილოეთ სალტოვკა - ეს არის ხარკოვის ოლქის ბოლო დასახლება რუსეთის საზღვრამდე. განადგურებულ ქალაქს რუსეთთან სიახლოვე განსაკუთრებით ეტყობა. იქ ომის დაწყების პირველივე დღიდან იერიშები არ შეწყვეტილა. უკრაინელმა სამხედროებმა გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის გადასაღებად დრო მხოლოდ 20 წუთი მისცეს.
ხარკოვის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უდიდესი მასივი დღეს ცარიელია. "კურიერს" მხოლოდ ორი ადამიანი შეხვდა და ისინიც სარდაფებიდან მხოლოდ რამდენიმე წუთით გამოვიდნენ. სალტოვკაში რუსულ აგრესიამდე 400 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. იქ დარჩენილებს არათუ რუსული ბომბების, უცხო ადამიანებისაც ეშინიათ, მათ შორის ჟურნალისტების.
ხარკოვის გარეუბანს ომის დაწყების დღიდან ყველაზე მეტი რაკეტა და ბომბი მოხვდა, აფეთქებების ხმა იქ მაშინაც ისმოდა, როდესაც "კურიერის" კამერა იყო ჩართული.