04 მაისი 2024,   09:52
ვრცლად
თუ რუსები "აზოვსტალს" გაანადგურებენ, აღარ მგონია მათთან რაიმე ტიპის დიპლომატიური მოლაპარაკებები გავმართოთ - ზელენსკი

თუ აზოვსტალს გაანადგურებენ, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის - ამ შინაარსის განცხადება ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. 

ზელენსკის თქმით, რუსები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

"არ გავა დღე, რომ ომის დანაშაულის ფაქტი არ მოხდეს, ეს ყოველდღიურად ხდება, განსაკუთრებით მარიუპოლში. ჩვენ გასაგებად ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ დანებებას და რომ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს. მარიუპოლზე საუბრისას უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ჩარჩენილები ბლოკადაში არიან მოქცეულები, ეს ნიშნავს, რომ მათ საკვებ პროდუქტებს ვერ ვაწვდით, სასმელს ვერ ვაწვდით, ამიტომაც არის, რომ საშინელ ინფორმაციებს ვიღებთ, მაგალით სასმელ წყალს საცურაო აუზებიდან იღებენ. იქ მომხდარი მოვლენები არ არის სამხედრო მოქმედებები, არამედ ეს არის ტერორიზმის ფაქტები. თითქმის მთლიანი ქალაქი განადგურებულია და დარჩენილია მხოლოდ ეს პატარა ნაწილი "აზოვსტალი", ისინი აგრძელებენ ბლოკადას. თუ ისინი იქაურობას გაანადგურებენ, აღარ მგონია, რომ მათთან რაიმე ტიპის დიპლომატიური მოლაპარაკებები გავმართოთ. ომი ახლა არის ჩვენსა და რუსულ სამყაროს შორის.

ჩვენ უნდა გავიხსნათ დისკუსიისთვის, ვიღაცებისთვის პუტინის დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ჩემთვის მთავარია უკრაინის გამარჯვება, ეს ჩვენი ტერიტორიებია და ჩვენი ქვეყანაა, ჩემთვის გამარჯვება ის არ არის, რომ უამრავმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, ჩემთვის გამარჯვებაა, როდესაც ისინი ქვეყანაში დაბრუნდებიან. რუსებს სჯერათ, რომ მათი პასუხისმგებლობა გადაიდება, ჰგონიათ, რომ ომის დანაშაულები შერჩებათ, რადგან ბირთული შეიარაღება აქვთ," - განაცხადა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, რუსებმა აზოვსტალთან საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას დაიღუპა 1 მებრძოლი, დაიჭრა 6. ინფორმაციას "აზოვის" პოლკმა გაავრცელა.

გარდა ამისა, ხარკივი ისევ იბომბება. მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა სპეცოპერაციის შედეგად 11 რუსი სნაიპერი აიყვანეს.

სარაკეტო იერიში 16-ჯერ განხორციელდა ჩრდილოეთ დონეცკში, ეს არის ლუჰანსკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქი, რომელზეც ოკუპანტები შტურმს ცდილობენ. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ჩრდილოეთ დონეცკი თითქმის გარშემორტყმულია რუსული არმიით.

დღის ამბები