06 მაისი 2024,   05:02
ვრცლად
ომის დამნაშავე, ყასაბი, ლაჩარი​ - აშშ პუტინის მიმართ ეპითეტებს არ იშურებს და უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აძლიერებს

ომის დამნაშავე, ყასაბი და ახლა უკვე ლაჩარი - პუტინის მიმართ ეპითეტებს ამერიკა ისევ არ იშურებს და უკრაინის არსენალის შევსებას აგრძელებს. ირკვევა, რომ მათ მიერ უკვე გადაცემული საარტილერიო დანადგარები, ბრძოლის ველზე ტყუილად არ მოსცდება. ჰაუბიცებისთვის დამატებით 25 ათასი ჭურვი უკვე გზაშია, რაც უკრაინელებს ოკუპანტების მიზანში ამოსაღებად კიდევ დიდხანს ეყოფათ.

უფრო მძიმე და თანამედროვე შეიარაღებაზე ალაპარაკდა ნატოც. იენს სტოლტენბერგმა თავად თქვა, რომ უკრაინა აქამდე თავს ძველი, საბჭოთა შეიარაღებით იცავდა.

ომიდან სამოცდამეცამეტე დღეს, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვას ყველა ქვეყანა სხვადასხვა სახით ცდილობს, მათ შორისაა, ბრიტანეთი, სადაც საქველმოქმედო აუქციონზე ზელენსკის ცნობილი ქურთუკი გაყიდეს, რომელიც აუქციონზე ბორის ჯონსონმა გამოიტანა და მას "ჩვენი დროის წარმოუდგენელი" ლიდერის ქურთუკი უწოდა. საწყისი ფასი ორმოცდაათიათასი გირვანქა სტერლინგი იყო, მოსაცმელი კი ოთხმოცდაათიათას  ფუნტად გაიყიდა.

უკრაინას გვერდით უდგას იტალიაც, სადაც ხელისუფლებამ $510 მილიონად შეფასებული იახტა "შეჰერეზადა" დააკავა, რომელიც შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნოდეს. ფორბსის ცნობით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოიძიებამ აჩვენა, რომ იახტას ეკონომიკური და საქმიანი კავშირები ჰქონდა რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებთან და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებთან. იახტა მარინა - დი - კარარას პორტში დააკავეს.

დღის ამბები