06 მაისი 2024,   03:12
ვრცლად
აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია - უკრაინის ვიცე - პრემიერი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აზოვსტალიდან" ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი იქნა ევაკუირებული:

"პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა - აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი იქნა ევაკუირებული. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა," - წერს ირინა ვერეშჩუკი ფეისბუკზე.

მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

"აზოვსტალის" ქარხანაში გამაგრებული არიან "აზოვის" პოლკი, საზღვაო ქვეეითები, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის წევრები, მესაზღვრეები.

აგრესორი რუსეთი "აზოვსტალის" ქარხანას, რომელსაც მარიუპოლის უკანასკნელ ბასტიონს უწოდებენ, ყველა შესაძლო საშუალებით უტევს ჰაერიდან, მიწიდან თუ ზღვიდან.  "აზოვსტალში" რჩებიან ბრძოლების დროს მძიმედ დაჭრილი მებრძოლებიც, რომლებსაც  რთული ვითარების გამო სათანადოდ ვერ მკურნალობენ.

რუსეთის მიერ ბლოკირებული და განადგურებული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების და უკრაინელი ჯარისკაცების გამოყვანის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი აქტივისტები, არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები, მოუწოდებენ გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის, განსაკუთრებით გაეროს გენერალურ მდივანს და რეგიონულ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რომ სასწრაფოდ დაიწყოს "extraction" პროცედურა, რომელიც შეეხება როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ქარხანა "აზოვსტალში" მყოფ უკრაინელ სამხედროებს, მათ შორის დაჭრილებს და დაღუპულებს.

დღის ამბები