01 მაისი 2024,   03:33
ვრცლად
"კურიერი" აქტიურ საომარ ზონაში მხოლოდ დაშვებული 15 წუთით - დანაღმული ტერიტორიები, დაცარიელებული დასახლება და სრულად განადგურებული ინფრასტრუქტურა

"კურიერი" ცოტა ხნის წინ  ფრონტის ხაზიდან დაბრუნდა, სადაც რუსული და უკრაინული არმია პირისპირ ბრძოლებშია ჩართული. ომის გაშუქების პროტოკოლის თანხმად, ტერიტორია არ სახელდება.

სპეცრაზმის თანხლებით სიკვდილის ზონაში შესულ "რუსთავი 2"-ს გადასაღებად სულ 15 წუთი ჰქონდა. ხარკოვთან, იზუმის გზის ამ მონაკვეთში ახლა უკრაინელები არიან გამაგრებული, თუმცა რუსების პოზიციებს ერთი კილომეტრიც კი არ აშორებთ.

ტერიტორია მთლიანად დანაღმულია, ბრძოლები პერიოდულად ახლდება, მაგრამ უკრაინულმა არმიამ ოთხზე მეტი დასახლების გათავისუფლება მაინც შეძლო.

რუსეთის საზღვრისკენ უკრაინელები ნელი ტემპით, მაგრამ წინ მიიწევენ. თუმცა მუდმივად არის საფრთხე რუსების კონტრიერიშის. ამას ემატება მუდმივი სარაკეტო დარტყმები მთლიანად ხარკოვის ოლქზე.

გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელი მებრძოლების დაცვის გარეშე შესვლა შეუძლებელია. 

ის, რისი დეოკუპაციაც უკრაინულმა არმიამ მოახერხა, ახლა არანაკლებ საშიშია, ვიდრე ოკუპაციის დროს. ყოველ კვადრატში რუსული ნაღმებია, მოქალაქეები კი, რომლებმაც დასახლების დატოვება ვერ მოასწრეს, თავს ნანგრევებს აფარებენ. პუტინის ჯარისკაცებისთვის სულერთია უკრაინელ მებრძოლებს ესვრიან, შენობას, რომელსაც თავს ბავშვები აფარებენ თუ საკვებით დატვირთულ წითელ ჯვრიან ავტომანქანებს.

მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად განადგურებულია. აქ  ომამდელ მშვიდ ცხოვრებაზე აღარაფერი მიუთითებს. 

დასახლება დაცალეს ადგილობრივებმა. მიწისქვეშა თავშესაფრებში მხოლოდ ერთი მოხუცი რჩება.

რუსმა სამხედროებმა  მშვიოდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიც გაანადგურეს. იყო დღეები, როდესაც დასახლებაში დარჩენილი მოქალაქეებისთვის საკვებიც არ იყო ხელმისაწვდომი.

დღის ამბები