პიანტკოვსკის განცხადებებს თბილისში პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტოლოგი არ არის ის ფიგურა, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საერთაშორისო პოლიტიკაზე.
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, იგი პიანტოვსკის განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამს.
"მე მგონი ეს ექსპერტი არ არის ის ადამიანი, რომლის პოზიციაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რამეზე, ამიტომ მე სერიოზულად არ აღვიქვამდი. იგივე წარმატებით შეიძლება უამრავი სხვა ადამიანი ვიპოვოთ, ვისაც კიდევ უფრო მეტი ფანტაზიები აქვს საქართველოს თაობაზე. ამიტომ, სერიოზულად მე ამას არ განვიხილავ," - ამბობს რაქვიაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ეს განცხადება ზუსტად იმ "ვირეშმაკური" პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთი საქართველოში ეწევა.
"ზუსტად იმ ვირ-ეშმაკური პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც რუსეთი ეწევა საქართველოში. საქართველოში არ არსებობს არცერთი ადამიანი, მე არ შემხვედრია ყოველ შემთხვევაში, ვინც იტყვის, რომ საქართველომ თავდასხმითი ომი უნდა აწარმოოს რუსეთთან ან ძალით უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები," - აცხადებს მანჯგალაძე.