ანდეი პიანტკოვსის განცხადებას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, მმართველი გუნდი გამოეხმაურა.
"ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის თქმით, პიანტკოვსკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემთხვევა იმ მიზნებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებასთან დაკავშირებით აქვს.
"პიანტკოვსის რა მიზანი აქვს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ "ნაცმოძრაობის", მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს, პრინციპში, ემთხვევა.
ენერგორესურსების მიწოდება, საერთოდ სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის ჩინეთიდან, საქართველოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ, თუკი არ გინდა რუსეთის ტერიტორიის გამოყენება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველო იქცა გარკვეული ინტერესის ობიექტად, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელსაც სათავეში უდგას ის ძალა, რომელსაც ხელისუფლებაში უნდა მოსვლა," - განაცხადა ვოლსკიმ.
"ქართული ოცნების" წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ეს განცხადება საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების იგნორირებაა.
"ეს არის ნებით თუ უნებლიედ იგნორირება საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების, ეს არის ნებით თუ უნებლიედ საქართველოს ინტერესების მტრობა, მიუხედავად იმისა, ვისგან მოდის ეს და რომელი ნაციონალობის იქნება. აქედან გამომდინარე, პასუხი ნათელია - არავისგან და არასდროს მისაღები არ იქნება ისეთი შეთავაზება საქართველოსთვის, რომელიც შეიძლება უქადდეს საქართველოს უზარმაზარ რისკებს." - განაცხადა სარჯველაძემ.