15 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"მე კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შევიდნენ" - არესტოვიჩი 

კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა "ფეიგინ ლაივთან" ინტერვიუში განაცხადა.​

ჟურნალისტმა არესტოვიჩთან საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც განიხილა, მისი შეკითხვა ზელენსკის ოფისის უფროს მრჩეველთან შემდეგი იყო: "იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარების ნაწილი გაყვანილია უკრაინაში, საქართველოს ახლა რომ განეხორციელებინა რაიმე სამხედრო მოქმედებები, ექნებოდა თუ არა ცხინვალში შესვლის შანსი".

"მე კარგად არ ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, შეუძლია, არ შეუძლია, არის თუ არა ახლა შესაბამის მდგომარეობაში, მაგრამ მე კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა. ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ. შეიძლება, შეუძლიათ, მაგრამ მე ასე არ მგონია, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია კამათში შემოსვლა ორ შტატგარეშე მრჩეველთან, კერძოდ, ეს ხდება პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად მოარტყამ მტკივნეულ ადგილზე. მაგრამ, ქართველი ხალხი იკითხავს, "ბიჭებო, როგორაა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როდესაც ჩვენი კუთვნილება მიაქვთ ახლა უკვე არა მხოლოდ დე ფაქტოდ, არამედ დე იურედ," – განაცხადა არესტოვიჩმა.

იმავე ინტერვიუში არესტოვიჩმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის შესახებაც ისაუბრა.

"ვფიქრობ, დასავლეთი რეაგირებას მოახდენს. ეს იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ამ ომზე და კრემლის ამგვარ ზოგად ქმედებებზე მთელ მსოფლიოში. შეგახსენებთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე კრემლის ვეტოს წინააღმდეგ 141-მა ქვეყანამ მისცა ხმა უშიშროების საბჭოში. ეს არის დედამიწაზე არსებული ყველა სახელმწიფო წარმონაქმნის სამი მეოთხედი. ახლა ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიაზე. ანექსიის მცდელობაზე. ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება დასავლეთს. მაინტერესებს საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი“, – განაცხადა არესტოვიჩმა "ფეიგინ ლაივთან" ინტერვიუში.

დღის ამბები