15 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ოკუპანტების ე.წ. სპეციალური ოპერაცია უკვე გაკოტრებულია, უკრაინელი ხალხი აიძულებს დამპყრობლებს, აღიარონ რეალობა - ზელენსკი

უკრაინა  რუსეთის მიერ დონბასში თავდასხმის ახალი მცდელობებისთვის ემზადება- ვოლოდიმირ ზელენსკი ამის შესახებ ომის 81-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტები ჩიხში არიან და მათი ე.წ. სპეციალური ოპერაცია გაკოტრებულია.

ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინისთვის მთავარია იარაღი და ფინანსური მხარდაჭერა, მუშაობა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზეც, სადაც პრიორიტეტი ნავთობის ემბარგოა.

უკრაინული მხარე აგრძელებს მოლაპარაკებებს "აზოვსტალიდან" მოქალაქეების გამოსაყვანადაც.

"ჩვენი თავდაცვის 81-ე დღე იწურება და უკრაინისა და გამარჯვებისთვის მუდმივი მუშაობის კიდევ ერთი კვირა კვირა იწყება.

ამ კვირაში, როგორც ყოველთვის, იქნება ბევრი საერთაშორისო აქტივობა, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ. მთავარია იარაღი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის. ფინანსები არა მხოლოდ სტაბილურობის შესანარჩუნებლად, არამედ იმის ასაშენებლად, რაც რუსეთმა დაანგრია.

ასევე ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. პარტნიორებმა საჭიროა ყოველ კვირას მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ზღუდავს რუსეთის კავშირებს მსოფლიოსთან.ოკუპანტებმა უნდა იგრძნონ მათთვის ომის ფასის მატება – ეს მუდმივად იგრძნონ.

ახლა პრიორიტეტი ნავთობის ემბარგოა. როგორც არ უნდა შეეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება და ეს არ შეიცვლება.

კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, არის ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება ჩვენს მიმართ, უკრაინის მიმართ. ინფორმაცია ჩვენი საჭიროებების შესახებ უნდა იყოს ყველა ქვეყნის ახალ ამბებში.

აუცილებლად გავაგრძელებ უკრაინის პარტნიორი ევროპული ქვეყნების პარლამენტებში სიტყვით გამოსვლას. ჩვენი ამოცანაა უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, შემდეგ კი - ევროკავშირში გაწევრიანება სწრაფი პროცედურით. ყველა სახელმწიფო მნიშვნელოვანია. ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების მაქსიმალური თანხმობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში. ამიტომაც მივმართავ ლუქსემბურგის პარლამენტს უახლოეს მომავალში.

ვაგრძელებთ ძალიან რთულ და დელიკატურ მოლაპარაკებებს, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან, "აზოვსტალიდან". ჩვენ ამ საკითხებზე ყოველდღიურად ვმუშაობთ და მთავარია, შეთანხმებები შესრულდეს.

ჩვენ ველით, რომ შეერთებული შტატები მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის. მხარდაჭერის ახალ მნიშვნელოვან პაკეტს და დეტალურად განავითარებს ლენდ-ლიზის განახლებულ ისტორიულ პროგრამას.

ჩვენ ვემზადებით რუსეთის მიერ დონბასში თავდასხმის ახალი მცდელობებისთვის, რათა როგორმე გააძლიეროს მოძრაობა უკრაინის სამხრეთში.

ოკუპანტებს დღემდე არ სურთ იმის აღიარება, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ. სპეციალური ოპერაცია უკვე გაკოტრებულია. მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც უკრაინელი ხალხი აიძულებს დამპყრობლებს სრულად აღიარონ რეალობა.

რაც არ უნდა "კრეატიულები" იყვნენ ხერსონსა და მელიტოპოლში, როგორც არ უნდა წარმოაჩინონ თავიანთი "ძალაუფლება" ოკუპირებულ პრიაზოვიასა და დონბასში, ისინი იქ დროებით არიან. იქ მაინც იფრიალებს უკრაინის დროშა, იმოქმედებს უკრაინის კანონი და იქნება უკრაინული ცხოვრება.

დღევანდელი რუსული სარაკეტო დარტყმები ლვოვის რეგიონში, გულიაიპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, დონეცკის ოლქის ქალაქებისა და თემების დაბომბვა - ოკუპანტების მთელი ეს სისასტიკე, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად განიცდის, მხოლოდ იმ ფაქტამდე მიგვიყვანს, რომ გადარჩენილი რუსი ჯარისკაცები დააბრუნებენ ამ ბოროტებას რუსეთში. უკან დააბრუნებენ, რადგან უკან დაიხევენ. ასე დასრულდება რუსი სამხედროების მთელი ციებ-ცხელება, რომელსაც ახლა ვხედავთ და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის, ვინც ამ დროსთან გვაახლოვებს," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები