ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას მმართველ გუნდში უკვე მოჰყვა შეფასებები. "ქართული ოცნების" წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო ის გადაწვეტილება, რასაც კანონი ითვალისწინებდა.
"ფაბულა და შინაარსი რაკი ცნობილია, თუ რაზეა საუბარი, იქ რომ მთლად კეთილსინდისიერ ქმედებასთან შეიძლება არ გვქონდეს საქმე, ეს იმთავითვე ნათელია და შემდეგ რა კვალიფიკაცია მიეცემა, ამას აფასებს სამართალდამცავი სტრუქტურა და სასამართლო. სასამართლომ გააკეთა დასკვნა, რომ ეს არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და იმ კატეგორიის მართლსაწინააღდმდეგო ქმედება, რომელსაც ჰქვია დანაშაული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, "რუსთავი 2-ის" საქმეზე "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.
ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მოსამართლემ მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 322-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. კახა დამენიას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმად 50 000 ლარი დაეკისრა.